Thumbnail

ნახეთ: სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იტალიის შემადგენლობაში შემავალ, ხმელთაშუა ზღვის უდიდეს კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა. ლავა მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კრატერიდან ამოიტყორცნა, რის შედეგად წარმოქმნილი კვამლისა და ფერფლის ღრუბელი ცაში დაახლოებით 900 მეტრის სიმაღლეზე აიჭრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

► 10 შთამბეჭდავი მოქმედი ვულკანი

ვულკანის გააქტიურებით გამოწვეული საფრთხის გამო მის მიმდებარედ გაშენებულ სოფლებში - ლინგუაგლოსაში, პედარაში, ფორნაცოსა და მილოში, გადაუდებელი დახმარების სამსახურების მობილიზება მოხდა. დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა ეტნას სიახლოვეს განლაგებულმა ქალაქ კატანიის აეროპორტმა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეს ევროპაში მდებარე ყველაზე აქტიური ვულკანის ამოფრქვევის პირველი შემთხვევაა. მსგავსი ფაქტი ბოლოს 2018 წლის 24 დეკემბერს დაფიქსირდა, რასაც ორი დღის შემდეგ 4.9 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.

ეტნას ამოფრქვევა კუნძულ სიცილიაზე

ფოტო: Davide Anastasi

ეტნას ამოფრქვევა კუნძულ სიცილიაზე

ფოტო: Salvatore Allegra

ეტნას ამოფრქვევა კუნძულ სიცილიაზე

ფოტო: Davide Anastasi

ეტნას ამოფრქვევა კუნძულ სიცილიაზე

ფოტო: Salvatore Allegra

ეტნას ამოფრქვევა კუნძულ სიცილიაზე

ფოტო: ANSA

ეტნას ამოფრქვევა კუნძულ სიცილიაზე

ფოტო: Fabrizio Villa

ეტნა აფრიკისა და ევრაზიის ტექტონიკურ ფილებს შორის მდებარეობს. ვულკანის სიმაღლე, რომელიც ყოველი ამოფრქვევის შემდეგ იცვლება, ბოლო მონაცემებით 3326 მეტრს შეადგენს. მას საერთო ჯამში 1190 კვადრატული კილომეტრი ფართობი უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ეტნა, კუნძულ ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კილაუეას შემდეგ, ჩვენი პლანეტის ყველაზე აქტიური ვულკანია.

► ნახეთ: კუნძულ ჰავაიზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეტნა პირველად დაახლოებით 500 ათასი წლის წინ გააქტიურდა. მეცნიერთა განცხადებით, განსაკუთრებული სიძლიერის ამოფრქვევები 35,000-15,000 წლების წინ მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის 13 მაისს ვულკანის გააქტიურებამ კუნძულზე 200-ზე მეტი მიწისძვრა გამოიწვია. 2017 წლის 16 მარტს მომხდარი ამოფრქვევის დროს კი 10 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები