Thumbnail

მეცნიერებმა ადამიანის ნაწლავებში 140,000-ზე მეტი ვირუსი აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ბიოინფორმატიკის ევროპულ ინსტიტუტსა და სენგერის სახელობის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა მასშტაბური კვლევის ფარგლებში ადამიანის ნაწლავებში მობინადრე 140 ათასზე მეტი ვირუსი აღმოაჩინეს. გამოცემაში Cell გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მათი ნახევარი სრულიად ახალ, აქამდე უცნობ სახეობებს წარმოადგენს.

მეცნიერებმა ბაქტერიების 12 ათასზე მეტი ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ადამიანის ორგანიზმის, კერძოდ კი ნაწლავების მიკრობიომში მრავალი ვირუსი და მიკრობი ერთიანდება, რომლებიც იქ არსებული ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან და ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობასა თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვირუსების უმეტესობა, რომლებსაც ბაქტერიოფაგებს უწოდებენ, სრულიად უწყინარია და განსხვავდება ისეთი პათოგენებისგან, როგორიცაა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი კორონავირუსი SARS-CoV-2, ზიკა და სხვა. უფრო მეტიც, ისინი ბაქტერიულ უჯრედებს ესხმიან თავს და აინფიცირებენ, რითიც მათგან გვიცავენ და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ბალანსს აღადგენენ. მეცნიერების მიერ მიკვლეული ახალი სახეობები სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება.

მეცნიერებმა ადამიანის ნაწლავებში მობინადრე 140 ათასზე მეტი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელთა ნახევარი სრულიად ახალ, აქამდე უცნობ სახეობებს წარმოადგენს.

კვლევის ფარგლებში ნაშრომის ავტორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ნაწლავებიდან ვირუსების დნმ-ის შემცველი 28 ათასი ნიმუში აიღეს. მოპოვებული ორგანული მასალიდან მათ ინოვაციური ტექნოლოგიის მეშვეობით გენომის რეკონსტრუქცია და გაშიფვრა შეძლეს. მონაცემთა ანალიზმა მეცნიერების მიერ ჯერ კიდევ შეუსწავლელი ათეულობით სახეობა გამოავლინა. სპეციალისტთა განცხადებით, მათ შორისაა ვირუსთა ახალი ჯგუფი, რომლის წარმომადგენელთა საერთო წინაპარი ე.წ. გუბაფაგია. ეს უკანასკნელი ძალიან ჰყავს 2014 წელს აღმოჩენილ ყველაზე გავრცელებული ტიპის ბაქტერიოფაგს, რომელიც კრასფაგის სახელითაა ცნობილი.

ბრაზილიაში მეცნიერებმა აქამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს

მკვლევართა თქმით, ახალი აღმოჩენა ჩვენს ორგანიზმში მობინადრე ვირუსების ბიომრავალფეროვნების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის. ასევე, იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი იმუნურ სისტემასა და მეტაბოლურ პროცესებზე ან რამდენად აქვთ კავშირი სხვადასხვა სახის დაავადებასთან, როგორიცაა დეპრესია და სიმსივნე.

კომენტარები

ბოლო ამბები