Thumbnail

ნახეთ: NASA-ს მარსმავალი Perseverance წითელი პლანეტის ზედაპირზე დაეშვა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებული მარსმავალი Perseverance ციური სხეულის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაეშვა. მას ამისთვის 7 თვის განმავლობაში დაახლოებით 500 მილიონი კილომეტრის დაფარვა დასჭირდა.

► არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა ხომალდმა მარსის ორბიტამდე მიაღწია

1025 კილოგრამი წონის მქონე როვერი მარსის ატმოსფეროში 19 თებერვალს 19,500 კმ/სთ სიჩქარით შეიჭრა, რამდენიმე წუთში კი მისი პარაშუტი გაიხსნა, რის შემდეგაც მარსმავალმა სვლის შენელება დაიწყო. Perseverance ციურ სხეულზე მდებარე ჯეზეროს კრატერში, რომლის სიღრმე 500 მეტრს, დიამეტრი კი 45 კილომეტრს შეადგენს, თბილისის დროით დაახლოებით 1:00 საათზე დაეშვა. წარმატებული მანევრის შემდეგ მარსმავალმა წითელი პლანეტის პირველი სურათი გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ის მეხუთე როვერია, რომელიც აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე გაგზავნა.

მარსმავალის Perseverance მიერ წითელ პლანეტაზე გადაღებული პირველი სურათი. ფოტო: NASA 

Perseverance, რომელიც NASA-მ მარსისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან გასული წლის 30 ივლისს გაუშვა, მისიის ფარგლებში წითელი პლანეტის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლას შეეცდება. ხელსაწყოების გამართულობის შემოწმებისა და ტექნიკური დათვალიერების შემდეგ, ის ჯეზეროს კრატერის გამოკვლევას დაიწყებს და იქ სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად მცირე მასშტაბის გათხრებს ჩაატარებს. მეცნიერების ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NASA როვერის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

► მარსზე გაშვებულმა ჩინურმა ხომალდმა წითელი პლანეტის პირველი ფოტო გადაიღო

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ წითელ პლანეტამდე არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნურმა თანამგზავრმა Hope მიაღწია, რომელმაც ციური სხეულის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა. არაბეთის ნახევარკუძნულზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი კოსმოსური აპარატი ქვეყნისთვის პირველი პლანეტათაშორისი მისიის ფარგლებში მარსის ატმოსფეროს შეისწავლის და მის ნებისმიერ წერტილში ამინდის ცვლილებას დააკვირდება. მოგვიანებით მას ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი Tianwen-1 შეუერთდა. ამ უკანასკნელს მაისის თვეში დასაჯდომი მოდულისა და მარსმავლის წყვილი გამოეყოფა, რომელიც პლანეტის ზედაპირზე დაეშვება და მის გეოლოგიურ აგებულებას გამოიკვლევს.

კომენტარები

ბოლო ამბები