Thumbnail

ნეანდერტალელების გადაშენება, შესაძლოა, დედამიწის მაგნიტური პოლუსების გადანაცვლებას გამოეწვია

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიაში მდებარე ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ ნეანდერტალელების გადაშენება, შესაძლოა, 42 ათასი წლის წინ დედამიწის მაგნიტური პოლუსების გადანაცვლებასა და მზის აქტივობის შემცირებას უკავშირდებოდეს. მათი ნაშრომი სამეცნიერო გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

აღმოჩენილი კბილი, შესაძლოა, ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელის ჰიბრიდს ეკუთვნოდეს

დედამიწის მაგნიტური ველი კოსმოსური გამოსხივებისგან გვიცავს, თუმცა პოლუსების გადანაცვლების დროს ის საგრძნობლად სუსტდება და რადიაციას ვეღარ აკავებს, რაც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლისთვის არახელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას განაპირობებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსგავსი მოვლენა დაახლოებით 200-300 ათას წელიწადში ერთხელ მეორდება, პროცესი კი, შესაძლოა, რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

დედამიწის პოლუსების გადანაცვლება პლანეტის მაგნიტური ველის შესუსტებას იწვევს, რის შემდეგაც ის კოსმოსურ გამოსხივებას ვეღარ აკავებს.

დედამიწაზე მომხდარი პოლუსების გადანაცვლება, რაც მეცნიერთა აზრით, ნეანდერტალელების გადაშენების მთავარი წინაპირობა გახდა, მკვლევრებმა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ჭაობებში აღმოჩენილი 42 ათასი წლის წინანდელი და უფრო ადრეული პერიოდის კაურის ხეების წლიური რგოლების ანალიზის შედეგად დაათარიღეს. ამან სპეციალისტებს საშუალება მისცა იმ დროისთვის ატმოსფეროში არსებული ნახშირბად 14-ის კონცენტრაცია განესაზღვრათ, რომელიც, როგორც ცნობილია, კოსმოსური რადიაციის მატებასთან ერთად საგრძნობლად იზრდება. აღმოჩნდა, რომ ჩვენს პლანეტზე გარემოს რადიკალური ცვლილებები სწორედ მსგავს შემთხვევებს უკავშირდება.

მკვლევართა განცხადებით, დედამიწაზე სიცოცხლისთვის არახელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, ნეანდერტალელები აიძულა, თავშესაფარი გამოქვაბულებში ეძებნათ. მათივე ვარაუდით, ადამიანთა გვარის უძველესი წარმომადგენლები წითელი ფერის ბუნებრივ საღებავს, რომლითაც კედლებზე ხელის მტევნების ანაბეჭდები და სხვადასხვა გამოსახულება გადაჰქონდათ, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შექმნილ ვითარებაში ნეანდერტალელებს შორის გადარჩენისთვის კონკურენცია გაჩაღებულიყო, რამაც, მათი აზრით, ამ უკანასკნელთა გადაშენება განაპირობა.

უძველესი ადამიანები, სავარაუდოდ, ზამთრის ძილს ეძლეოდნენ

აღსანიშნავია, რომ გასული 170 წლის განმავლობაში დედამიწის მაგნიტური ველი დაახლოებით 9 პროცენტით შესუსტდა, რასაც მეცნიერები პოლუსების გადანაცვლების ახალი პროცესის დაწყებას უკავშირებენ. მათი განცხადებით, ეს სულ მცირე ჩვენი პლანეტის ორბიტაზე განლაგებულ ხელოვნურ თანამგზავრებს შეუქმნის საფრთხეს და იქ არსებული ელექტროსისტემების მწყობრიდან გამოსვლას განაპირობებს.

კომენტარები

ბოლო ამბები