Thumbnail

NASA-მ მარსმავალ Perseverance-ის წითელ პლანეტაზე დაშვების ფოტო გაავრცელა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) წითელ პლანეტაზე გაგაზავნილი ახალი მარსმავლის Perseverance ციურ სხეულზე დაშვების ამსახველი ფოტო გაავრცელა. სურათი, რომელზეც კოსმოსური აპარატი მარსის ზედაპირიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზეა აღბეჭდილი, დასაშვებ მოდულზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ეს როვერის მსგავსი პერსპექტივიდან დაფიქსირების პირველი შემთხვევაა.

► დღის ფოტო: მარსის ვულკანები არაბთა გაერთიანებული საამიროების ზონდის ობიექტივში

წითელი პლანეტისკენ მიმავალი მარსმავლისთვის სურათის გადაღება ციური სხეულის გარშემო მოძრავმა, Reconnaissance-ის სახელით ცნობილმა ორბიტერმაც შეძლო, რომელიც NASA-მ იქ 2006 წელს გაუშვა. კადრი, რომელშიც როვერი და მისი გახსნილი პარაშუტი ჩანს, ზონდზე დამონტაჟებულმა კამერამ HiRISE დაახლოებით 700 კილომეტრი მანძილიდან დააფიქსირა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს მომავალში Perseverance-ის მარსის ზედაპირზე დაშვების ამსახველი მაღალი გარჩევადობის ვიდეოც გამოქვეყნდება.

მარსმავალი Perseverance წითელი პლანეტის ზედაპირზე დაშვებისას. ფოტო: NASA

NASA-მ რიგით მეხუთე მარსმავალი წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან გასული წლის 30 ივლისს გაუშვა. 1025 კილოგრამი წონის მქონე Perseverance მარსის ატმოსფეროში 19 თებერვალს 19,500 კმ/სთ სიჩქარით შეიჭრა, რამდენიმე წუთში კი მისი პარაშუტი გაიხსნა, რის შემდეგაც როვერმა სვლის შენელება დაიწყო. მარსმავალი ციურ სხეულზე მდებარე 500 მეტრი სიღრმისა და 45 კილომეტრი დიამეტრის ჯეზეროს კრატერში თბილისის დროით დაახლოებით 1:00 საათზე დაეშვა. წარმატებული მანევრის შემდეგ კი მან წითელი პლანეტის პირველი სურათი გადაიღო.

ორბიტერის Reconnaissance მიერ დაფიქსირებული მარსმავალი Perseverance წითელი პლანეტის ზედაპირზე დაშვებისას. ფოტო: NASA 

Perseverance მისიის ფარგლებში, რომლის განსახორციელებლად საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, წითელი პლანეტის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლას შეეცდება. ხელსაწყოების გამართულობის შემოწმებისა და ტექნიკური დათვალიერების შემდეგ, ის ჯეზეროს კრატერის გამოკვლევას დაიწყებს და იქ სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად მცირე მასშტაბის გათხრებს ჩაატარებს. მეცნიერების ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NASA როვერის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები