Thumbnail

ნახეთ: მეცნიერებმა ქრცვინის კლონი შექმნეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის წყლის ბინადართა და ველური ცხოველების დაცვის სამსახურში, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საკითხებზე მომუშავე კვლევით ორგანიზაციაში Revive & Restore, კომპანია ViaGen Equine-სა და სან დიეგოს ზოოპარკში მოღვაწე მეცნიერებმა შავფეხება ქრცვინის კლონი შექმნეს. ეს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გავრცელებული, გადაშენების პირას მყოფი სახეობის წარმომადგენლის კლონირების პირველი შემთხვევაა.

ნახეთ: მეცნიერებმა პრჟევალსკის ცხენის კლონი შექმნეს

მდედრი ქრცვინი, სახელად ელიზაბეტ ენი, გასული წლის დეკემბერში დაიბადა, მსოფლიომ კი ის სულ ახლახან გაიცნო. მისი კლონირებისთვის მეცნიერებმა 30 წლის წინ გაყინული უჯრედები გამოიყენეს, რომელიც ვილას სახელით ცნობილ ცხოველს ეკუთვნოდა. მისი სხეულიდან ამოღებული გენეტიკური მასალა სპეციალისტებმა სუროგატი დედის ორგანიზმში შეიყვანეს, რომელმაც სამყაროს ამ იშვიათი სახეობის ახალი ინდივიდი მოავლინა. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ელიზაბეტის შთამომავლობაში ამერიკული ქრცვინების დნმ-ის ვარიაციები აღდგება, რაც მათ სხვადასხვა დაავადების მიმართ ნაკლებად მოწყვლადს გახდის.

ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მობინადრე შავფეხება ქრცვინები გადაშენებულად 1979 წელს გამოაცხადეს. თუმცა, ორი წლის შემდეგ აშშ-ის ვაიომინგის შტატში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ფერმერმა საკუთარ მიწაზე კვერნისებრთა ოჯახში შემავალ ამ ცხოველთა მცირე ჯგუფი აღმოაჩინა. მეცნიერებმა ქრცვინები გადარჩენის მიზნით სპეციალურ პროგრამაში ჩართეს. დღესდღეობით აღნიშნული სახეობის მთლიანი პოპულაცია სულ 7 ინდივიდის შთამომავლობას წარმოადგენს. მცირე რაოდენობის გამო ისინი გაქრობის საფრთხის ქვეშ არიან, სწორედ ამიტომ მკვლევრები თითოეულ მათგანზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. დეკემბრის თვეში მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც კი გაუკეთეს.

პირველად ისტორიაში ხელოვნური განაყოფიერებით ავაზის ორი ბოკვერი გაჩნდა

აშშ-ის წყლის ბინადართა და ველური ცხოველების დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელიზაბეტ ენის ბუნებაში გაშვება ჯერჯერობით არ იგეგმება. ის კოლორადოში, სააგენტოს კუთვნილ დაწესებულებაში იცხოვრებს და სპეციალისტთა მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნება. როგორც ცნობილია, ისინი უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე შავფეხა ქრცვინის კლონირებას აპირებენ.

კლონირებული ქრცვინი ელიზაბეტ ენი

ფოტო: Getty Images

კლონირებული ქრცვინი ელიზაბეტ ენი

ფოტო: Getty Images

კლონირებული ქრცვინი ელიზაბეტ ენი

ფოტო: Getty Images

კლონირებული ქრცვინი ელიზაბეტ ენი

ფოტო: Getty Images

კომენტარები

ბოლო ამბები