Thumbnail

ნახეთ: ვან გოგისადმი მიძღვნილმა დრონების შოუმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ვინსენტ ვან გოგისადმი მიძღვნილმა დრონების შოუმ, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანიის EFYI Group და ჩინეთში მდებარე ტიანძინის უნივერსიტეტის თანამშრომლობით გასული წლის 18 დეკემბერს გაიმართა, გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასობით ასეთი მოწყობილობის დახმარებით მათ ცაზე ყველაზე ხანგრძლივი ანიმაციის ჩვენება შეძლეს, რომელიც 26 წუთსა და 19 წამს გაგრძელდა.

დღის ფოტო: კორონავირუსისადმი მიძღვნილი დრონების შოუ სეულში

შთამბეჭდავი სანახაობა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტიანძინში შედგა. შოუში მონაწილეობა ჯამში 600-მა დრონმა მიიღო, რომლებმაც ცაზე სწორი განლაგებისა და სინქრონული მოძრაობის მეშვეობით ვან გოგის ისეთი ნამუშევრების გაცოცხლება შეძლეს, როგორიცაა ნახატები სერიიდან "მზესუმზირები", "პურის ყანა კვიპაროსებით", "საწოლი ოთახი არლში", "კვიპაროსები და ორი ქალი", "ვარსკვლავებიანი ღამე", " ნუშის ყვავილობა", "თუთის ხე შემოდგომაზე" ," ვარსკვლავებიანი ღამე რონის თავზე" და თავად მხატვრის ავტოპორტრეტი.

 

რეკორდის დასამყარებლად სპეციალისტებს დიდი შრომა დასჭირდათ, რადგან დრონების საშუალებით მოძრავი სურათების გამოსახვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გამოწვევაა. მათ წამში 12 სხვადასხვა გამოსახულება უნდა შეექმნათ, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. აღსანიშნავია, რომ 600-ვე საფრენი აპარატი ერთი და იმავე, Agile Bee II-ის სახელით ცნობილი მოდელის იყო, რომელიც 1,45 კილოგრამს იწონის, წამში 10 მეტრ მანძილს ფარავს და ჰაერში გაჩერება 38 წუთით შეუძლია.

ნიდერლანდებში მუზეუმიდან ვან გოგის ნახატი მოიპარეს

ჩინეთში გამართულ დრონების შოუს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის წარმომადგენელი, მეგი ლო დაესწრო, რომელმაც მთლიანი პროცესის ოფიციალური განხილვის შემდეგ გუნდს გამარჯვება ახარა. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მომავალში კიდევ მრავალი მსგავსი რეკორდის მომსწრენი გახდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები