Thumbnail

ნახეთ: ყველაზე ახალგაზრდა ნიჩბოსანი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაცურა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფოს ქალაქ ფერსკში მცხოვრები 21 წლის ჯასმინ ჰარისონი გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ნიჩბოსანი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანე სრულიად მარტომ გადაცურა. ამისთვის მას 70 დღე, 3 საათი და 48 წუთი დასჭირდა. წინა რეკორდი 22 წლის ამერიკელ ქეითი სფოთს ეკუთვნოდა, რომელმაც იგივე გზა 2010 წლის 3 იანვრიდან 14 მარტამდე პერიოდში გაიარა.

► ნახეთ: ბრაზილიელმა სერფერმა ქალმა გინესის რეკორდი დაამყარა

ბრიტანელმა ცურვის მასწავლებელმა და ბარისტამ მოგზაურობა დეკემბერში, ესპანეთის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ გომერადან დაიწყო. მან ჯამში 4,828 კილომეტრი დაფარა, რის შემდეგაც კარიბის ზღვაში განლაგებულ კუნძულ ანტიგუამდე მიაღწია და ფინიშის ხაზი გადაკვეთა. ნაპირთან მიახლოვებისას, სადაც მას გულშემატკივრები ელოდნენ, ნიჩბიან ნავზე მდგარმა ახალმა რეკორდსმენმა გამარჯვების აღსანიშნად სპეციალური მაშხალები აანთო, რასაც მაყურებლები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს.

21 წლის ჯასმინ ჰარისონი. ფოტო: Penny Bird

ჯასმინის განცხადებით, 70-დღიანი მოგზაურობის განმავლობაში მას მონაცვლეობით 2 საათი ეძინა, მომდევნო 2 საათს კი ნიჩბების მოსმას ანდომებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰარისონს რამდენიმე დაბრკოლებაც შეხვდა, მაგალითად, თებერვალში მისი ნავი გადაყირავდა, რეკორდის დამყარებამდე ორი დღით ადრე კი მან იდაყვი დაიზიანა. სპორტსმენის თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც კმაყოფილია, რომ ყოველდღიურობიდან გაქცევა და სოციალური ქსელისგან თუ ცუდი ამბებისგან შორს ყოფნა მოახერხა.

► ნახეთ: 99 წლის მფრინავმა ქალმა გინესის ორი რეკორდი დაამყარა

ჯასმინმა 10 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხის შეგროვება შეძლო, რომელიც ქველმოქმედების მიზნით გარემოს დაცვით ორგანიზაციას Blue Marine Foundation გადაეცემა, ნაწილი კი ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდებათ. ის სხვა ახალგაზრდებსაც მოუწოდებს, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და მსგავსი რამ თავადაც სცადონ. 

კომენტარები

ბოლო ამბები