Thumbnail

ნახეთ: Perseverance-ის მარსზე დაშვების ვიდეო და პირველი აუდიომასალა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) წითელ პლანეტაზე გაგზავნილი ახალი მარსმავლის Perseverance ციურ სხეულზე დაშვების ამსახველი მაღალი გარჩევადობის ვიდეო და როვერზე დამონტაჟებული მიკროფონით ჩაწერილი პირველი აუდიომასალა გამოაქვეყნა. 

► NASA-მ მარსმავალ Perseverance-ის წითელ პლანეტაზე დაშვების ფოტო გაავრცელა

სააგენტოს მიერ ახლახან გავრცელებული ვიდეო მარსმავლის სხვადასხვა ნაწილზე დამაგრებული რამდენიმე კამერის მიერ გადაღებული 23 ათასი სურათითაა აწყობილი. პირველი კადრი Perseverance-ის წითელი პლანეტის ატმოსფეროს ზედა ფენაში შესვლიდან 230 წამის შემდეგაა დაფიქსირებული, როცა ის 20,100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და ციური სხეულის ზედაპირიდან 11 კილომეტრით იყო დაშორებული. ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ გაიხსნა 21.5 მეტრი სიგანის უზარმაზარი პარაშუტი, რის შემდეგაც როვერმა მარზე დაშვება დაიწყო. გზად მას სიცხისგან დამცავი სპეციალური ფარი ჩამოშორდა, ცოტა ხანში კი - დასაშვები მოდული. ბოლოს მან სვლა შეანელა და დანიშნულების ადგილზე, 500 მეტრი სიღრმისა და 45 კილომეტრი დიამეტრის მქონე ჯეზეროს კრატერში დაჯდა.

 

აღსანიშნავია, რომ მარსმავალზე დამონტაჟებული მიკროფონი წითელი პლანეტის ზედაპირზე დაშვების დროს არ გააქტიურებულა. მან პირველი აუდიომასალა მოგვიანებით, 20 თებერვალს ჩაიწერა, როცა უკვე ჯეზეროს კრატერში იმყოფებოდა. NASA-მ 1025 კილოგრამი წონის Perseverance-ის მიერ მოპოვებული 2 ჩანაწერი გაასაჯაროვა. მათგან პირველში თავად როვერის მიერ გამოცემულ მექანიკურ ხმებთან ერთად რამდენიმე წამის განმავლობაში მარსზე არსებული ქარის ხმაც ისმის, მეორე მათგანში კი მხოლოდ ამ უკანასკნელის მოსმენაა შესაძლებელი. 

 

შეგახსენებთ, რომ NASA-მ Perseverance წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან გასული წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის ფარგლებში, რომლის განსახორციელებლად საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, ის მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლას შეეცდება. ხელსაწყოების გამართულობის შემოწმებისა და ტექნიკური დათვალიერების შემდეგ, ის ჯეზეროს კრატერის გამოკვლევას დაიწყებს და იქ სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად მცირე მასშტაბის გათხრებს ჩაატარებს. მეცნიერების ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NASA როვერის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები