Thumbnail

ავსტრალიაში გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა სხვადასხვა ადგილობრივ კვლევით დაწესებულებაში მოღვაწე კოლეგებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს. მკვლევართა მიერ სამეცნიერო გამოცემაში Nature Human Behaviour გამოქვეყნებულ ნაშრომში გამოთქმული ვარაუდის მიხედვით, ის აბორიგენებს დაახლოებით 17,500-17,100 წლის წინ უნდა შეექმნათ.

► ნახეთ: ინდონეზიაში გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს

გამოქვაბულის მხატვრობის უძველეს ნიმუშს მეცნიერებმა ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე კიმბერლის რეგიონში მიაკვლიეს. მათ მიერ აღმოჩენილ სურათებზე სხვადასხვა ცხოველი, მათ შორის, გველი, ხვლიკი და ჩანთოსნების ოჯახის წარმომადგენელი ძუძუმწოვრები - კენგურუ, ვალაბი და ქუოკაა გამოსახული. ნახატების დათარიღებისას მეცნიერები თავდაპირველად წინააღმდეგობას წააწყდნენ, ვინაიდან მათ შესაქმნელად რკინის ოქსიდისგან, იგივე ჟანგისგან დამზადებული წითელი ფერის საღებავია გამოყენებული, რომელიც ორგანულ მასალას არ შეიცავს და სურათების ასაკის დადგენას ართულებს.

ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე კიმბერლის რეგიონში აღმოჩენილი კენგურუს გამოსახულება. ფოტო: Peter Veth

პრობლემის გადასაჭრელად მკვლევრებმა განსხვავებულ მეთოდს მიმართეს. მათ სურათის ასაკის გამოთვლის ნაცვლად გამოქვაბულის კედელზე კრაზანების მიერ აშენებული ტალახის ბუდეები დაათარიღეს, რომელიც აბორიგენებმა კენგურუს გამოსახულების შექმნის დროს გადაღებეს. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ეს ძუძუმწოვარი სულ მცირე 17,100 წლის წინ არის დახატული. მეცნიერების ყურადღება ნახატის სიძველესთან ერთად მისი შესრულების სტილმაც მიიპყრო. მათი თქმით, კედელზე გამოსახული ცხოველის რეალურთან მიმსგავსებული ზომა, ასევე, სურათის თემატიკა მსოფლიოში აღმოჩენილი გამოქვაბულის მხატვრობის ბევრად ადრეული ნიმუშებისთვის არის დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ავსტრალიის ტერიტორიაზე მომავალში, შესაძლოა, უფრო ძველ ნამუშევრებსაც მიაგნონ.

► გვატემალაში სახლის რემონტისას მაიას ცივილიზაციის ფრესკები აღმოაჩინეს

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არქეოლოგებმა ინდონეზიის შემადგენლობაში შემავალ კუნძულ სულავესის სამხრეთ ნაწილში გამოქვაბულის მხატვრობის მსოფლიოში ყველაზე ძველი ნიმუში აღმოაჩინეს, რომელიც, მათი ვარაუდით, სულ მცირე 45,500 წლის წინ არის შექმნილი. ლინგ ტედონგის სახელით ცნობილ მღვიმეში მიკვლეულ სურათზე გარეული ღორია გამოსახული, რომლის სიგრძე 136, სიგანე კი 54 სანტიმეტრია. ცხოველის დასახატად მუქი წითელი ფერის ბუნებრივი საღებავია გამოყენებული.

კომენტარები

ბოლო ამბები