Thumbnail

15 განსაკუთრებით საშიში ცხოველი

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

დედამიწაზე მილიონზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს. მათი ნაწილი ჩვენთვის სრულიად უსაფრთხოა, თუმცა ზოგიერთ ფრინველთან, ხმელეთისა თუ წყლის ბინადართან შეხვედრა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

ჩვენს სტატიაში სწორედ 15 განსაკუთრებით საშიშ მტაცებელს, დაავადების გადამტან თუ შხამიან არსებასა და ცხოველთა სამყაროს გიგანტურ წარმომადგენლებს გაგაცნობთ.

ლურჯრგოლიანი რვაფეხა

წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში მობინადრე ამ მინიატურული რვაფეხას სიგრძე საცეცებიანად, როგორც წესი, მაქსიმუმ 20 სანტიმეტრს შეადგენს, თუმცა ზომის მიუხედავად, ის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო წყლის არსებაა. ჩვეულებრივ, ლურჯრგოლიანი მოლუსკი ნაპრალებსა თუ ქვებს შორის იმალება, ადამიანებს ძალზე იშვიათად ხვდება და მათ თავს არ ესხმის, მაგრამ ხელში დაჭერის ან ფეხის დაბიჯების შემთხვევაში მეტოქეს მოულოდნელად უმტკივნეულოდ კბენს, რა დროსაც მის ორგანიზმში შხამი - ტეტროდოქსინი შეჰყავს. ეს უკანასკნელი რამდენიმე წუთში გულისრევას, სიბრმავეს, სრულ პარალიზებას, გულის გაჩერებასა და გაგუდვას იწვევს. ანტიდოტის არარასებობის გამო მოწამლულის გადარჩენის ერთადერთი გზა მისი სუნთქვის აპარატზე მიერთებაა.

კაზუარი

მსოფლიოში ყველაზე საშიშ ფრინველად მიჩნეული კაზუარი ძირითადად ავსტრალიის კონტინენტსა და მიმდებარე კუნძულებზე ბინადრობს. ეს უზარმაზარი, თითქმის 2-მეტრიანი და დაახლოებით 50-კილოგრამიანი ჩიტი საოცრად განვითარებული კიდურების წყალობით სირბილისას თითქმის 50 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 1,5 მეტრზე ხტება. ის, როგორც წესი, ერიდება ადამიანებს, თუმცა თავდაცვისას ან უკიდურესი შიმშილის დროს მათთვის საკვების წასართმევად სწორედ ძლიერ, სამ-სამი კლანჭით აღჭურვილ ფეხებს იყენებს. მათი წყალობით კაზუარს მეტოქეთა უმეტესობის, მათ შორის, ადამიანების გაფატვრა, შინაგანი ორგანოების დაზიანება და მოკვლა ერთი დარტყმითაც კი შეუძლია.

ლომი

კატისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო წარმომადგენელი ძირითადად აფრიკის კონტინენტზე ბინადრობს. ეს თითქმის 200-კილოგრამიანი არსება, რომელიც სიმაღლეში 1, სიგრძეში კი 2 მეტრს აჭარბებს და სირბილისას დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, თაგვებით დაწყებული, ახალგაზრდა სპილოებით დამთავრებული, თითქმის ყველა ცხოველზე ნადირობს. ლომი ბასრი კლანჭებისა და ეშვების საშუალებით მსხვერპლთა უმეტესობას იოლად ამარცხებს. იმის მიუხედავად, რომ ჩვეულებრივ ისინი ადამიანებს ერიდებიან, ამ მტაცებელთან დაკავშირებული ინციდენტების გამო მსხვერპლი ყოველწლიურად სულ მცირე რამდენიმე ასეულს შეადგენს. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას თავს, როგორც წესი, ის დაავადებული, ასაკოვანი და დამშეული ლომები ესხმიან, რომლებიც სისუსტის გამო სხვა საკვების მოპოვებას ვეღარ ახერხებენ.

ყვითელი მორიელი

ანტარქტიდის გარდა, ყველა სხვა კონტონენტზე გავრცელებული მორიელების დაახლოებით 2 ათას სახეობას შორის ადამიანებისთვის საშიში დაახლოებით 40-ია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი, ყვითელი მორელი, ძირითადად აფრიკასა და აზიაში ბინადრობს. ამ დაახლოებით 6-სანტიმეტრიან, 2,5 გრამი წონის მტაცებელს, კუდით ჩხვლეტისას მსხვერპლის ორგანიზმში ერთდროულად ნეირო და კარდიო ტოქსინები შეჰყავს. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის. იწვევს აუტანელ ტკივილსა და პარალიზებას, გულისრევას, კუნთების სპაზმს, დიარეას და ფილტვებში წყლის ჩადგომას. ანტიდოტით მკურნალობის გარეშე, შესაძლოა იქცეს ახალგაზრდა და ჯანმრთელი ინდივიდების გარდაცვალების მიზეზად. ყოველწლიურად მორიელის ნაკბენით რამდენიმე ათასი ადამიანი იღუპება.

თეთრი ზვიგენი

დედამიწის ყველა ოკეანეში მცხოვრებ ზვიგენთა ასეულობით სახეობას შორის ადამიანებისთვის სახიფათოდ მხოლოდ 12 მიიჩნევა. მათგან ყველაზე საშიში კი თეთრი პოინტერია. 300 კბილით შეიარაღებულ, 6 მეტრამდე სიგრძის უზარმაზარ არსებას, რომელიც დაახლოებით 2 ტონას იწონის და 45 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს, მსხვერპლის განადგურება თვალის ერთ დახამხამებაში შეუძლია. თუმცა, სავარაუდოდ, ამ მტაცებლებს ჩვენი ხორცის გემო და ძვლიანი სხეული არ მოსწონთ, ამიტომ მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ზვიგენებთან დაკავშირებული ინციდენტების მსხვერპლი საშუალოდ მხოლოდ 10 ადამიანი ხდება.

მარტორქა

აფრიკასა და აზიაში მობინადრე ეს ძუძუმწოვრები ხმელეთზე მოსიარულე ერთი-ერთი უდიდესი და უძლიერესი არსებები არიან. ზომით გამორჩეული აფრიკული თეთრი მარტორქა სიგრძეში 4, სიმაღლეში კი საშუალოდ 1,75 მეტრამდე იზრდება და 2 ტონაზე მეტს იწონის. ყველაზე აგრესიული კი შედარებით მცირე ზომის, დაახლოებით ტონანახევრიანი აფრიკული შავი მარტორქაა. სქელი ტყავით დაცული და 50-სანტიმეტრიანი  რქის მქონე ბალახისმჭამელი ცხოველი, რომელიც მეტოქესთან შესარკინებლად 60 კმ/სთ-მდე სიჩქარით მირბის, ხასიათის თავისებურებებისა და ცუდი მხედველობის გამო ზოგჯერ თავს ხეებსაც კი ესხმის. საბედნიეროდ, ადამიანებს მათთან შეხვედრა იშვიათად უხდებათ, ამიტომ ყოველწლიურად მარტორქებთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა, როგორც წესი 5-ს არ აღემატება. 

კონუსისებრი ლოკოკინა

ამ შხამიანი, მტაცებელი ლოკოკინების ასეულობით სახეობა მთელი მსოფლიოს გარშემო, ძირითადად თბილ, ტროპიკულ წყლებში, ოკეანეებისა და ზღვების ფსკერზე ბინადრობს. მათი ნაწილი ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხოა, თუმცა შედარებით დიდი ზომის მოლუსკებს, რომლებიც სიგრძეში 15 სანტიმეტრამდე იზრდებიან, ჩვენი მოკვლა მოძრავი, ისრისებრი კბილის ერთი ჩასობითაც კი შეუძლიათ. მათი მრავალი ტოქსინისგან შემდგარი შხამის ეფექტური ანტიდოტი არ არსებობს. ლეგენდის თანახმად, კბენის შემთხვევაში მსხვერპლს მხოლოდ ერთი ღერის მოსაწევად საკმარისი დრო რჩება, ამიტომ ამ არსებას ზოგჯერ “სიგარეტის ლოკოკინასაც“ უწოდებენ. ტკივილის, ქავილის, მხედველობის გაორების, კუნთების სისუსტისა თუ სხვა პირველადი სიმპტომების გამოვლენა, როგორც წესი, მართლაც უსწრაფესად იწყება, მაგრამ სხეულის პარალიზებითა და სუნთქვის შეჩერებით გამოწვეული ლეტალური შედეგი უფრო გვიან, რამდენიმე საათში დგება.

ასკარიდა

პარაზიტ ჭიებს შორის ასკარიდისებრნი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათონი არიან. დაავადებას უმეტეს შემთხვევაში ადამიანის ასკარიდა იწვევს. ის ორგანიზმში კვერცხის სახით დაბინძურებული საკვებისა თუ წყლის მიღების გზით ხვდება და მასპინძლის გადასამუშავებელი საჭმლის მითვისებას იწყებს. ავადმყოფის ნაწლავებში ზოგჯერ რამდენიმე ასეული, 40 სანტიმეტრამდე სიგრძის ჭია ერთდროულად გროვდება. ხშირად ასკარიდოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ის შეიძლება ალერგიების, სუნთქვის გაძნელების, დიარეის, გულისრევის, მუცლის ტკივილის, მწვავე შემთხვევებში კი სადინრების დახშობის, სეფსისის, აბსცესის, პანკრეატიტისა და გარდაცვალების მიზეზადაც იქცეს. ასკარიდოზით მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანია დაავადებული, რომელთა უმეტესობა აფრიკასა და აზიაში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ ინფექცია მედიკამენტით მარტივად ისპობა, არასწორი დიაგნოზისა თუ მკურნალობის ხელმიუწვდომლობის გამო, ის ყოველწლიურად ათასობით ინდივიდს კლავს.

სპილო

ხმელეთის უდიდესი ძუძუმწოვრის სხვადასხვა სახეობა აფრიკისა და აზიის კონტინენტებზე ბინადრობს. მათგან ზომით გამორჩეული აფრიკული სავანის სპილო დაახლოებით 6 ტონას იწონის და სიმაღლეში 4, სიგრძეში კი 7 მეტრამდე იზრდება. ჩვეულებრივ, ზრდასრულობისას მასზე მტაცებელი არ ნადირობს და აგრესია არც თავად ახასიათებს, თუმცა შეწყვილების პერიოდში და სპლიყვების მოვლისას ქცევა ზოგჯერ არაპროგნოზირებადი უხდება. ძლიერი ხორთუმითა და რამდენიმემეტრიანი ეშვებით აღჭურვილი გიგანტური ბალახისმჭამელი, მის მიერ სახიფათოდ მიჩნეულ ნებისმიერ არსებას იოლად უმკლავდება და მის სიცოცხლეს, როგორც წესი, გასრესვით ასრულებს. ყოველწლიურად მსგავსი ინციდენტების შედეგად რამდენიმე ასული ადამიანი იღუპება.

მლაშე წყლის ნიანგი

აფრიკის, აზიის, ავსტრალიისა და ამერიკის კონტინენტებზე მობინადრე ნიანგების 13 სახეობას შორის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სწორედ მლაშე წყლის, იგივე ქედიანი ნიანგია. მსოფლიოში უდიდესი რეპტილია, 6 მეტრამდე იზრდება, თითქმის ტონანახევარს იწონის, საჭიროების შემთხვევაში 30 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და უძლიერესი ყბის აპარატი გააჩნია. ზომის, მოქნილობისა და ძალის წყალობით მას საკუთარ ტერიტორიაზე მოხვედრილი მტაცებელთა დიდი ნაწილის დამარცხება და თითქმის ნებისმერი არსების, მათ შორის, ადამიანების მონადირება იოლად შეუძლია. სავარაუდოდ, ყოველწლიურად მათი მსხვერპლი რამდენიმე ათეული ინდივიდი ხდება.

დათვი

ამ ძუძუმწოვართა სხვადასხვა სახეობა ამერიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტებზე ბინადრობს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სახიფათო ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ყავისფერი დათვი გრიზლია. ეს მტაცებელი ცხოველი, რომელიც საშუალოდ 270 კილოგრამს იწონის, სიმაღლეში დაახლოებით 1, სიგრძეში კი 2 მეტრამდე იზრდება და სირბილისას 57 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს. ის ჩვეულებრივ ადამიანებზე არ ნადირობს და მათი დანახვისას ტერიტორიას ეცლება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ წასასველი არ აქვს, თავდასხმაზე გადადის. ძლიერი ყბის აპარატისა და ბასრი, 15-სანტიმეტრიანი ბრჭყალების წყალობით ის ნებისმიერ ინდივიდს იოლად ამარცხებს. ყოველწლიურად ამა თუ იმ დათვის თავდასხმის მსხვერპლი მსოფლიოში რამდენიმე ათეული ადამიანი ხდება.

ისრის ოქროსფერი ბაყაყი

კოლუმბიის ნესტიან ტყეებში მობინადრე 30 გრამამდე წონის ამფიბია, რომლის სიგრძე სულ რაღაც 3 სანტიმეტრს შეადგენს, ხმელეთზე მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი არსებაა. ძლიერი საწამლავი, ბატრახოტოქსინი ამ მინიატურული მტაცებლის კანიდან გამოიყოფა. შესაბამისად, მასთან შეხება მომაკვდინებელია. ლეტალური შედეგი, როგორც წესი, გულის გაჩერებით ან სუნთქვის უკმარისობითაა გამოწვეული. წარსულში აბორიგენები ამ ბაყაყს ფრთხილად იჭერდნენ, ტოქსინს ცეცხლზე გამოადენდნენ და ნადირობისთვის ისრისა და შუბის წვერის მოსაწამლად იყენებდნენ. სწორედ ამის მიხედვით შეირჩა სახეობის დასახელება.

დასავლური ტაიპანი

ანტარქტიდის გარდა ყველა სხვა კონტინენტზე გავრცელებული გველების დაახლოებით 3,500 სახეობას შორის 600-მდე შხამიანია, რამდენიმე ათეული კი ადამანისთვის განსაკუთრებით სახიფათო. მათგან ყველაზე ტოქსიკური ავსტრალიაში მობინადრე ქვეწარმავალი - დასავლური ტაიპანია, რომელიც საშუალოდ 2 მეტრამდე იზრდება და თითქმის 2 კილოგრამს იწონის. ერთი კბენისას გამოყოფილ შხამს დაახლოებით ასი ინდივიდის მოკვლა შეუძლია. ანტიდოტის მიღების გარეშე ის სწრაფად იწყებს მოქმედებს სისხლზე, ნერვულ და კუნთოვან სისტემებზე, სავარაუდოდ, აზიანებს ღვიძლსა და სისხლძარღვებსაც, რასაც ლეტალური შედეგი სულ რაღაც 45 წუთში მოჰყვება. თუმცა, ეს მტაცებელი აგრესიულობით არ გამოირჩევა და საფრთხის განცდისას, როგორც წესი, გაქცევას ამჯობინებს. ხასიათის ამ თავისებურებისა და გავრცელების სიმცირის გამო გველის ნაკბენით ყოველწლიურად დაღუპულ ათიათასობით ადამიანიდან ტაიპანის მსხვერპლს მხოლოდ ერთეულები წარმოადგენენ.

ბეჰემოთი

სპილოსა და მარტორქის შემდეგ ხმელეთის რიგით მესამე უდიდესი ძუძუმწოვარი აფრიკაში, მდინარეებისა თუ ტბების სიახლოვეს ბინადრობს და დღის დიდ ნაწილს წყალში გაგრილებას უთმობს. ეს 2-ტონიანი ბალახისმჭამელი ცხოველი, რომელიც სიგრძეში 5, ხოლო სიმაღლეში დაახლოებით 1,7 მეტრამდე იზრდება, აგრესიულობით გამოირჩევა და თავის ტერიტორიაზე მოხვედრილ თითქმის ყველა ცოცხალ არსებას სასიკვდილო საფრთხეს უქმნის. ამ გიგანტის მთავარ იარაღს უზარმაზარი პირი და 50-სანტიმეტრიანი ეშვები წარმოადგენს, რომლითაც ყოველწლიურად სხვადასხვა მტაცებელთან ერთად, სულ მცირე, რამდენიმე ასეულ ადამიანს გლეჯს.    

მალარიის კოღო

ბუზი ცეცეს, მკვლელი ბაღლინჯოებისა და დაავადების გადამტან სხვა ორგანიზმებს შორის, ანოფელესის სახეობის კოღოები ყველაზე სახიფათონი არიან. ეს მწერები ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე, ძირითადად კი აფრიკაში, ტროპიკულ ზონებში ბინადრობენ და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს აინფიცირებენ. ავადმყოფობას, რომელიც ძირითადად ტემპერატურის მატებას, გულისრევას, კრუნჩხვებს, ანემიას, ღვიძლისა და ელენთის გადიდებას, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი გარდაცვალებას იწვევს, მდედრობითი სქესის კოღოები ავრცელებენ. მალარიასთან აქტიური ბრძოლისა და მედიკამენტების არსებობის მიუხედავად, ის წლიდან წლამდე რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება. ეს ფაქტი კი ამ მწერს ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წარმომადგენლად აქცევს.

კომენტარები

ბოლო ამბები