Thumbnail

ნახეთ: ჩინეთმა მთვარეზე მოპოვებული ნიმუშების ფოტოსურათები გაავრცელა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ (CNSA) მისიის Chang'e 5 ფარგლებში მთვარის ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშების ამსახველი ფოტოსურათები გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე მოპოვებული მასალის ნაწილი მიმდინარე წლის მარტიდან ქვეყნის დედაქალაქ პეკინში მდებარე ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება.

► იაპონიაში ასტეროიდ რიუგუზე შეგროვებული ნიმუშებით სავსე კაფსულა გახსნეს

სურათებზე მთვარის ზედაპირზე შეგროვებული შავი ფერის გრუნტი, ასევე, ციურ სხეულზე არსებული ვულკანური ქანებიდან აღებული ბაზალტის ნიმუშებია ნაჩვენები. როგორც ცნობილია, აღნიშნულ მასალას მუზეუმში სპეციალურად შექმნილი კონტეინერით განათავსებენ. მისი სიმაღლე 38,44 სანტიმეტრი, სიგანე კი 22,89 სანტიმეტრია. პირველი სიმბოლურად დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილს გამოხატავს, რომელიც 384,400 კილომეტრს შეადგენს, მეორე კი მისიის Chang'e 5 ხანგრძლივობაზე მიანიშნებს, რომელიც 22,89 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნიმუშები კონტეინერის ცენტრში განლაგებულ, სფეროს ფორმის გამჭვირვალე ჭურჭელშია მოთავსებული.

მისიის Chang'e 5 ფარგლებში მთვარის ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები

ფოტო: CNSA

მისიის Chang'e 5 ფარგლებში მთვარის ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები

ფოტო: CNSA

ჩინეთმა მთვარეზე ხომალდი გასული წლის 23 ნოემბერს, ხაინანის კუნძულზე განლაგებული ვენჩანის კოსმოდრომიდან რაკეტის CZ-5 მეშვეობით გაუშვა. ჩვენი პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტამდე მან 4 დღე-ნახევარში მიაღწია, 29 ნოემბერს კი ზონდს ლენდერი გამოეყო და ციური სხეულისკენ აიღო გეზი. შტორმების ოკეანედ წოდებულ რეგიონში განლაგებული ვულკანური წარმოშობის რიუმკერის პიკის მახლობლად კოსმოსური აპარატი მიმდინარე წლის 1-ლ დეკემბერს დაეშვა, რაც ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ხომალდებისთვის მთვარეზე დაჯდომის მესამე წარმატებული შემთხვევა იყო.

ციური სხეულის ზედაპირიდან 2 კილოგრამამდე წონის მასალის მოპოვების შემდეგ ხომალდმა გრუნტი სპეციალურ კაფსულაში გადაიტანა, რომელიც ორბიტერმა დედამიწისკენ 12 დეკემბერს წამოიღო. ჩვენს პლანეტასთან მოახლოებისას ზონდს კაფსულა გამოეყო, ატმოსფეროში შემოვიდა და ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შიდა მონღოლეთის ავტონომიური რაიონის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს დაეშვა. გასული 44 წლის განმავლობაში ეს მთვარეზე შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის პირველი შემთხვევაა.

► ჩინეთის კოსმოსურმა ხომალდმა მარსის ორბიტამდე მიაღწია

მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე მოპოვებული მასალის შესწავლა მათ იმის გარკვევაში დაეხმარება, თუ როგორ ვითარდებოდა მთვარეზე ეროზიული პროცესები და რა კავშირშია ეს ციური სხეულის თანდათანობით გაციებასთან. აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო მთვარეზე ახალი ნიმუშების შესაგროვებლად ხომალდის გაგზავნას Chang'e 6-ის სახელით ცნობილი მისიის ფარგლებში 2024 წლისთვის აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის კოსმოსური აპარატი მასალის მოპოვებას ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები