Thumbnail

დედამიწაზე მობინადრე ორგანიზმებს უჟანგბადობის გამო განადგურება ემუქრება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიაში მდებარე ტოჰოს უნივერსიტეტსა და აშშ-ის ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, დაახლოებით 1 მილიარდ წელიწადში დედამიწაზე მობინადრე აერობულ ორგანიზმებს განადგურება ემუქრება. მათი თქმით, ამას ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში ჟანგბადის დონის საგანგაშო შემცირება გამოიწვევს, რის გამოც ადამიანები, ისევე, როგორც სხვა ცოცხალი არსებები, რომელთაც გადარჩენისთვის ჰაერი ესაჭიროებათ, სუნთქვას ვეღარ შეძლებენ. მკვლევართა ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.

გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს

ამჟამად დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა 21 პროცენტია, რაც აქ მცენარეების, ცხოველების, ფრინველებისა თუ წყლის ბინადრების არსებობას ხდის შესაძლებელს. ამის მიუხედავად, ჰაერში აღნიშნული აირის კონცენტრაცია ყოველთვის ასეთი მაღალი არ ყოფილა. ჩვენი პლანეტის განვითარების ადრეულ ეტაპზე ის საკმაოდ მცირე რაოდენობით მოიპოვებოდა და, როგორც ჩანს, შორეულ მომავალშიც იგივე გველის. მსგავსი დასკვნის გამოტანაში მეცნიერებს კლიმატური, გეოლოგიური და ბიოლოგიური სისტემების მოდელირება დაეხმარა.

დაახლოებით 1 მილიარდ წელიწადში დედამიწაზე მობინადრე აერობულ ორგანიზმებს უჟანგბადობისგან განადგურება ემუქრება.

ახალი კვლევის თანახმად, ჟანგბადის მაღალ დონეს დედამიწა მომდევნო 1 მილიარდი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად დაიკლებს და 1 პროცენტს ჩამოსცდება. ამის მიზეზი მზის მცხუნვარების მომატებაა, რადგან მისგან წამოსული ენერგია ატმოსფეროში არსებულ ნახშირორჟანგს გაანადგურებს. შედეგად, მცენარეები ფოტოსინთეზსა და ჟანგბადის გამოყოფას ვეღარ შეძლებენ, ჰაერში მისი შემცველობა მილიონჯერ შემცირდება, მეთანის კი 10,000-ჯერ გაიზრდება. ოზონის ფენა მთლიანად გაქრება და ხმელეთსა თუ ოკეანეებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან ვეღარ დაიცავს. მეცნიერთა ვარაუდით, ცვლილებების მთელ ამ პროცესს საშუალოდ 10 ათასი წელი დასჭირდება და მას მხოლოდ ანაერობული მიკროორგანიზმები გადაურჩებიან.

2070 წელს დედამიწის მოსახლეობის მესამედმა, შესაძლოა, გაუსაძლის სიცხეში იცხოვროს

ნაშრომის ავტორებმა თავიანთი კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) პროექტის NExSS ფარგლებში განახორციელეს, რომლის მიზანიც სიცოცხლისთვის თავსებადი ეგზოპლანეტების აღმოჩენაა. მათი განცხადებით, უკანასკნელი მიგნება ცხადყოფს, რომ მსგავსი ციური სხეულების შეფასება მხოლოდ იქ არსებული ჟანგბადის დონის მიხედვით სწორი არ არის და ეს მაჩვენებელი სხვა კრიტერიუმით უნდა ჩავანაცვლოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები