Thumbnail

ნახეთ: ისტორიაში პირველად მეცნიერებმა დროის კრისტალი ვიდეოზე აღბეჭდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტში, პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტსა და იმავე ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე მკვლევრებმა ისტორიაში პირველად დროის კრისტალის ვიდეოზე აღბეჭდვა შეძლეს. მათი ექსპერიმენტი დეტალურად გამოცემაში Physical Review Letters ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღწერილი.

მეცნიერები დროის კრისტალების ურთიერთქმედებას პირველად დააკვირდნენ

დროს კრისტალი განსაკუთრებულ აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფი მატერიაა, რომლის მწყობრი სტრუქტურაც ჩვეულებრივი, სამგანზომილებიანი კრისტალისგან განსხვავებით, არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროშიც მეორდება, ანუ პერიოდულად ერთსა და იმავე კონფიგურაციას უბრუნდება. მისი შემადგენელი ატომები მუდმივად, კონკრეტული სიხშირით ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მიმართულებით მოძრაობენ, თანაც ისე, რომ ამისთვის გარე ძალების ზემოქმედებას არ საჭიროებენ. მეცნიერებმა ექსპერიმენტის ფარგლებში ოთახის ტემპერატურაზე სწორედ ასეთი კრისტალის შექმნა შეძლეს და ის სპეციალური ხელსაწყოს, რენტგენული მიკროსკოპის მეშვეობით გადაიღეს, რისი პრეცედენტიც აქამდე არ ყოფილა.

მკვლევრებმა ამისთვის პერმალოის სახელით ცნობილი ნიკელისა და რკინის შენადნობი გამოიყენეს, რომელსაც ძალიან მაღალი მაგნიტური გამტარიანობა გამოარჩევს. შემდეგ ის პატარა ანტენაზე მოათავსეს და მისკენ რადიოტალღების მსგავსი სიხშირის მქონე ელექტრული დენი მიმართეს. შედეგად, ცვალებადი მაგნიტური ველი წარმოიქმნა, რომელმაც აღნიშნული მატერიის შემადგენელი, მაგნონებად წოდებული კვაზინაწილაკების გააქტიურება გამოიწვია. ამან კი საკმაოდ მცირე ზომის, მხოლოდ რამდენიმე მიკრომეტრი სიგრძის დროის კრისტალის კვლავდაბრუნებადი სტრუქტურა გამოკვეთა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერიმენტის განმავლობაში მეცნიერებმა ერთ სისტემაში მოქცეული მაგნონებისა და სხვა ნაწილაკების ურთიერთქმედებაც დააფიქსირეს. მათი განცხადებით, ახალი მიგნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან დროის კრისტალების ეს თვისება, შესაძლოა, საკომუნიკაციო თუ სარადარო ტექნოლოგიების განვითარებაში დაგვეხმაროს.

კომენტარები

ბოლო ამბები