Thumbnail

სინგაპურში ზებგერითი საბრძოლო დრონი შექმნეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სინგაპურში დაფუძნებულმა კომპანიამ Kelley Aerospace ზებგერითი საბრძოლო დრონი სახელად Arrow შექმნა, რომელიც 2,592 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს. ეს იმას ნიშნავს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ლოს ანჯელესსა და ტოკიოს შორის არსებული მანძილის დაფარვას სამ საათში შეძლებს.

დიდი ბრიტანეთის არმიისთვის ახალი საბრძოლო დრონი შეიქმნა

დრონს ნახშირბადის ბოჭკოებისგან დამზადებული მსუბუქი კორპუსი აქვს, რომელიც მას ზებგერითი სიჩქარის განვითარებაში ეხმარება. აპარატის მაქსიმალური ასაფრენი წონა 16,800 კილოგრამია. ცნობილია, რომ მას როგორც საბრძოლო მოქმედებების, ისე სადაზვერვო ოპერაციების დროს გამოიყენებენ. დრონი სხვა უპილოტო საფრენი აპარატების მსგავსად დისტანციურად იმართება, თუმცა შესაძლებელია ავტომატური რეჟიმის გააქტიურებაც.

სინგაპურული კომპანიის Kelley Aerospace მიერ შექმნილი საბრძოლო დრონი Arrow. ფოტო: Kelley Aerospace 

Kelley Aerospace-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ამ დროისთვის უკვე ასზე მეტი შეკვეთა მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დრონის ფასი 9 მილიონი აშშ დოლარიდან დაიწყება და დამატებითი აღჭურვილობის შეძენის შემთხვევაში, 16 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში გამართულ ღონისძიებაზე კომპანიამ საზოგადოებას ზებგერითი თვითმფრინავის შექმნის გეგმაც გააცნო. როგორც ცნობილია, ავიალაინერის ორი პროტოტიპის ტესტირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და შვედეთში უკვე მიმდინარეობს.

ნახეთ: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის შექმნილი მფრინავი მანქანა

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში საბრძოლო დრონებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითისთვის, 2003 წელს ერაყში საომარი მოქმედებების დროს აშშ-მ მხოლოდ რამდენიმე მსგავსი მოწყობილობა გამოიყენა, დღეისათვის კი ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში 7 ათასზე მეტი ასეთი უპილოტო საფრენი აპარატია.

კომენტარები

ბოლო ამბები