Thumbnail

მეცნიერებმა დედამიწის ატმოსფეროში კოსმოსური ციკლონი დააფიქსირეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთში მდებარე შანდუნის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ამერიკელ, ბრიტანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად ხელოვნური თანამგზავრების მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზისას დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში კოსმოსური ციკლონი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩრდილოეთ პოლუსის თავზე 2014 წლის ზაფხულში წარმოიქმნა. გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ეს პირველი მსგავსი პრეცედენტია, რადგან აქამდე ამგვარი შტორმის არსებობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.

ნახეთ: კოსმოსიდან ერთდროულად მოქმედი 5 ციკლონი გადაიღეს

სატელიტებმა უჩვეულო ფენომენი პირველად 7 წლის წინ, 20 აგვისტოს დააფიქსირეს. კოსმოსური ციკლონი ათას კილომეტრზე იყო გადაჭიმული, ხმელეთიდან მოშორებით, 110-დან 860 კილომეტრამდე სიმაღლეზე მდებარეობდა და დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მძვინვარებდა. მკვლევართა მიერ შექმნილმა სამგანზომილებიანმა გამოსახულებამ აჩვენა, რომ პლაზმის უზარმაზარი მასა საათის ისრის საწინააღმდეგოდ წამში 2,100 მეტრი სიჩქარით მოძრაობდა. მას შედარებით მშვიდი ცენტრის გარშემო სპირალურად განლაგებული შვერილები ჰქონდა და დედამიწის იონოსფეროსკენ უარყოფითად დამუხტულ ელემენტარულ ნაწილაკებს, ელექტრონებს აგზავნიდა, რამაც ქარიშხლის ქვემოთ პოლარული ნათების წარმოქმნას შეუწყო ხელი.

ჩვეულებრივი ტროპიკული ციკლონები დედამიწის ატმოსფეროს დაბალ ფენებში ფორმირდება.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ მსგავსი კოსმოსური ციკლონის ფორმირება მზისგან მომავალ განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ენერგიასა და დამუხტულ ნაწილაკებს უკავშირდება, რომლებიც დედამიწის მაგნიტოსფეროსა და იონოსფეროში მაგნიტური ველის გავლით შემოდიან. ეს, შესაძლოა, მაშინაც მოხდეს, როცა ჩვენი მნათობის აქტივობა საკმაოდ დაბალია. მეცნიერთა განცხადებით, აღნიშნული ფენომენი მთელი სამყაროს მასშტაბით არსებული სხვა პლანეტებისთვისაც არ უნდა იყოს უცხო.

დღის ფოტო: ციკლონები იუპიტერის ჩრდილოეთ პოლუსზე

ნაშრომის ავტორები იმედოვნებენ, რომ კოსმოსური შტორმის დროს ფორმირებული ციალის შესწავლა მომავალში მის მარტივად ამოცნობაში დაგვეხმარება. მათი აზრით, ამგვარ ციკლონებზე დაკვირვება მზის ქარისა და დედამიწის ატმოსფეროს ურთიერთქმედების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის.

კომენტარები

ბოლო ამბები