Thumbnail

ილონ მასკი ტექსასში ახალი ქალაქის გაშენებას გეგმავს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აშშ-ის ტექსასის შტატში, ბოკა ჩიკაში განლაგებული კერძო კოსმოდრომის მიმდებარედ ახალი ქალაქის გაშენებას გეგმავს, რომელსაც Starbase ერქმევა. სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ამის შესახებ თავის ტვიტერის გვერდზე განაცხადა.

► ილონ მასკმა საზოგადოებას მარსზე ქალაქის გაშენების გეგმა გააცნო

SpaceX-მა კოსმოდრომის ასაშენებლად სამხრეთ ტექსასში, კამერონის ოლქის ქალაქ ბრაუნსვილიდან დაახლოებით 32 კილომეტრში მდებარე სოფელი ბოკა ჩიკა 2014 წელს შეარჩია. კომპანია იქ ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდის Starship განვითარებაზე მუშაობს და მისი სრულყოფილი მოდელის ასაგებად აპარატის პროტოტიპების ტესტირებას ახორციელებს. ილონ მასკის განცხადებით, ახალი ქალაქი იმაზე ბევრად დიდ ტერიტორიაზე გაშენდება, ვიდრე ამჟამად ბოკა ჩიკას დასახლებას უჭირავს.

Starship-ის პროტოტიპი ბოკა ჩიკაში მდებარე კერძო კოსმოდრომზე. ფოტო: Sandra Sanchez

ცოტა ხნის წინ მედიაში კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც SpaceX-ს კოსმოდრომის მიმდებარედ ბუნებრივი აირის მოპოვება სურს. როგორც ცნობილია, მის შემადგენლობაში შემავალ მეთანის ნაერთს კომპანია რაკეტისთვის Super Heavy გამოიყენებს, რომელიც დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის Starship დედამიწიდან აფრენას უზრუნველყოფს. სავარაუდოდ, მოპოვებული წიაღისეული Raptor-ის სახელით ცნობილი ძრავის ამუშავებას მოხმარდება, რომლითაც ორივე აპარატი იქნება აღჭურვილი.

► SpaceX-ს ტექსასში ბუნებრივი აირის მოპოვება სურს

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკი ბოკა ჩიკას ქალაქად გარდაქმნას გეგმავს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებაც დაადასტურეს. მათი თქმით, Starbase-ის მშენებლობის ნებართვისთვის SpaceX-ის დამფუძნებელმა სპეციალურ სამსახურს ოფიციალური განაცხადით უნდა მიმართოს.

კომენტარები

ბოლო ამბები