Thumbnail

ნახეთ: მეცნიერებმა მანათობელი ზვიგენები აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ბელგიაში მდებარე ლუვენის უნივერსიტეტსა და ახალი ზელანდიის წყლისა და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში მობინადრე მანათობელი ზვიგენების სამი სახეობა აღმოაჩინეს. მათგან ერთ-ერთი, სახელად დალათია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ბიოლუმინესცენციის უნარის მქონე ხერხემლიან ცხოველებს შორის უდიდესად მიიჩნევა. მკვლევართა ახალი ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Marine Science გამოქვეყნდა.

ნახეთ: მეცნიერებმა მანათობელი მცენარეები შექმნეს

ბიოლუმინესცენცია ცოცხალი ორგანიზმების მიერ გამოცემული ნათებაა, რომელსაც ქიმიური პროცესები განაპირობებს. ის ძირითადად ოკეანეში მობინადრე ბაქტერიების, წყალმცენარეების, მედუზებისა და პლანქტონისთვის, ასევე, მეზოპელაგიურ ზონაში მცხოვრები იმ არსებებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც წყლის ზედაპირიდან 200-დან 1000 მეტრამდე სიღრმეზე იმყოფებიან. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება დიდი ზომით გამორჩეული, დალათიად წოდებული შავი ზვიგენი, რომლის სიგრძეც 180 სანტიმეტრამდე აღწევს, შავმუცელა ეტმოპტერუსები და სამხრეთული ეტმოპტერუსები. აღსანიშნავია, რომ ისინი მეცნიერებს აქამდე სათანადოდ შესწავლილი არ ჰყავდათ.

მანათობელი ზვიგენები

შავი ზვიგენი, იგივე დალათია (ხედი გვერდიდან).
ფოტო: Mallefet et al

მანათობელი ზვიგენები

შავი ზვიგენი, იგივე დალათია (ხედი ზემოდან).
ფოტო: Mallefet et al

მანათობელი ზვიგენები

 შავმუცელა ეტმოპტერუსი (ხედი გვერდიდან). 
ფოტო: Mallefet et al

მანათობელი ზვიგენები

შავმუცელა ეტმოპტერუსი (ხედი ზემოდან). 
ფოტო: Mallefet et al

მანათობელი ზვიგენები

 სამხრეთული ეტმოპტერუსი (ხედი გვერდიდან და ზემოდან).
ფოტო: Mallefet et al

სპეციალისტებმა სამივე ამ სახეობის წარმომადგენლებზე დაკვირვება გადაწყვიტეს, რისთვისაც ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან რამდენიმე მათგანი დაატყვევეს. კვლევამ აჩვენა, რომ ზვიგენებს ფოტოფორის სახელით ცნობილი ორგანო აქვთ, რომელიც სინათლის გამოსაყოფად არის აუცილებელი. მეცნიერებმა დაადგინეს ისიც, რომ ამ ცხოველებში ბიოლუმინესცენციის პროცესი ჰორმონების მეშვეობით კონტროლდება. კერძოდ, მელატონინი ამ უნარს ააქტიურებს, ალფა-მელანოციტი ასტიმულირებს, ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონებს კი მისი შეწყვეტის ფუნქცია აქვთ.

დღის ფოტო: მანათობელი ტალღები ირლანდიაში

მკვლევართა ვარაუდით, ზვიგენებს ნათება შენიღბვისთვის ესაჭიროებათ. ისინი სიკაშკაშეს უმეტესწილად მუცლისა და ზურგის არეში გამოყოფენ, რის შედეგადაც ამა თუ იმ კუთხიდან მათი შემჩნევა რთულდება. ეს მანათობელ ზვიგენებს საკვების მოპოვებაში ეხმარება - თევზები უზარმაზარი შავი სილუეტის ნაცვლად ცის ფონზე მხოლოდ ნათელ წერტილებს ხედავენ, რაც მსხვერპლზე მის თავდასხმას აადვილებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენის წყალობით ღრმა წყლების ეკოსისტემის შესახებ მეტ ინფორმაციის მიღებას შევძლებთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები