Thumbnail

იაპონელი მილიარდერი მთვარის გარშემო სამოგზაუროდ 8 ადამიანს უფასოდ წაიყვანს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იაპონელი მილიარდერი იუზაკუ მაეძავა, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის Zozotown დამფუძნებელია, მთვარის გარშემო დაგეგმილი პირველი კერძო მისიისთვის ეკიპაჟის რვა წევრს ეძებს. აღსანიშნავია, რომ ის მათ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ საკუთარი ხარჯებით წაიყვანს. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი ხომალდით Starship ფრენა 2023 წლისთვის იგეგმება. დაინტერესებულ პირებს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებგვერდზე მიმდინარე წლის 14 მარტამდე შეუძლიათ.

დედამიწის ორბიტაზე პირველ კერძო მისიაში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა ცნობილია

იაპონელმა ბიზნესმენმა, რომლის ქონებაც ამ დროისთვის დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მთვარის მიმართულებით მიმავალ კოსმოსურ ხომალდზე ყველა ადგილი ჯერ კიდევ 2018 წელს დაჯავშნა. მოგვიანებით იუზაკუ მაეძავამ საზოგადოებას თავისი ახალი პროექტი, სახელწოდებით dearMoon გააცნო, რომლიც ფარგლებშიც დაგეგმილი კერძო კოსმოსური მისიისთვის ის 8 მოხალისეს ეძებს. ცოტა ხნის წინ 45 წლის მილიარდერმა კონკურსი "ცხოვრების მეგზურის" მოსაძებნადაც გამოაცხადა, რომელიც Starship-ით მთვარეზე მასთან ერთად უნდა გაფრენილიყო. იმის მიუხედავად, რომ ამის სურვილი 27 ათასზე მეტმა ქალმა გამოთქვა, მაეძავამ მიზეზის განმარტების გარეშე კონკურსის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

იაპონელი მილიარდერი იუზაკუ მაეძავა. ფოტო: Reuters 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო დაგეგმილ მისიაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსში ჩართვა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. მაეძავას არ დაუკონკრეტებია მოთხოვნები, რომლებსაც კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის მომავალი წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ. რეგისტრაცია 14 მარტს დასრულდება, 21 მარტს კი ონლაინ გასაუბრება გაიმართება. შერჩეული პირები საბოლოო გასაუბრებასა და სამედიცინო შემოწმებას მაისის ბოლოს გაივლიან. როგორც ცნობილია, მისიაში საერთო ჯამში 12 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. გეგმის მიხედვით, Starship-ს მთვარემდე მისაღწევად სამი დღე დასჭირდება, რის შემდეგაც ის ციური სხეულის ბნელ მხარეს შემოუვლის და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება.

ნახეთ: საჰაერო ბურთი, რომელიც ადამიანებს სტრატოსფეროში აიყვანს

Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. მისი დანიშნულება წითელ პლანეტასა და დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ერთდროულად ასი ადამიანის ტრანსპორტირებაა. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი. მოცემული დროისთვის ილონ მასკის მთავარი ამოცანა Starship-ის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს საფრენი აპარატის გაუმჯობესებაში ეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები