Thumbnail

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს COVID-19-ზე ვაქცინაცია ჩაუტარდათ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სან დიეგოს ზოოპარკში მობინადრე ოთხ ორანგუტანსა და ხუთ ჯუჯა შიმპანზეს სპეციალურად ცხოველებისთვის შემქნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით ვაქცინაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა National Geographic ავრცელებს.

► შინაური ცხოველების COVID-19-ზე ვაქცინაცია, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს

კალიფორნიაში განლაგებული ველური ბუნების პარკის ბინადარ ადამიანის მსგავს მაიმუნებს ორგანიზმში ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანია Zoetis-ის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული ვაქცინის ორი დოზა შეუყვანეს. აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატის გამოცდა აქამდე მხოლოდ შინაურ ცხოველებში, კატებსა და ძაღლებში მიმდინარეობდა. ზოოპარკის წარმომადგენლების განცხადებით, ინიექციას გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია და ძუძუმწოვრები თავს კარგად გრძნობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში ვაქცინა პარკში მობინადრე კიდევ სამ მაიმუნს, მათ შორის, ორ ჯუჯა შიმპანზესა და ერთ გორილას გაუკეთდება.

სან დიეგოს ზოოპარკში მობინადრე ორანგუტანი. ფოტო: Jennifer Macewen 

სან დიეგოს ზოოპარკის ადმინისტრაციამ ცხოველების COVID-19-ზე ვაქცინაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მიმდინარე წლის იანვარში დაავადება ველური ბუნების პარკში მობინადრე რამდენიმე გორილას დაუდგინდა. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანის მსგავსი მაიმუნის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო. ცხოველებს COVID-19, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მომვლელისგან გადაედოთ, რომელსაც დაავადება უსიმპტომოდ ჰქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ზოოპარკში მცხოვრებ პრიმატებს ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ძუძუმწოვრებში ვირუსის გავრცელების საკმაოდ მაღალი რისკი არსებობდა. აქედან გამომდინარე, დაწესებულების წარმომადგენლებმა კომპანია Zoetis-ის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში დარწმუნების შემდეგ, მაიმუნების ვაქცინაცია გადაწყვიტეს.

► დღის ფოტო: კოკერ სპანიელი COVID-19-ზე ტესტირების დროს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ვაქცინირებული ორანგუტანის, ასევე, ჯუჯა შიმპანზეების სისხლის ნიმუშებს ამჟამად ლაბორატორიაში იკვლევენ. სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, შეძლო თუ არა ძუძუმწოვრების ორგანიზმმა ანტისხეულების გამომუშავება და რამდენად მაღალია ცხოველებისთვის შექმნილი ექსპერიმენტული პრეპარატის ეფექტიანობა.

კომენტარები

ბოლო ამბები