Thumbnail

მეცნიერებმა ასტეროიდზე წყალი და ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე როიალ ჰოლოვეისა და ღია უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა იაპონელ, ფრანგ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად ასტეროიდ იტოკავადან აღებულ ნიმუშზე წყალი და ორგანული ნივთიერებები აღმოაჩინეს. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ახალი მიგნების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Scientific Reports ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნახეთ: ჩინეთმა მთვარეზე მოპოვებული ნიმუშების ფოტოსურათები გაავრცელა

ცნობილი ინჟინრის, ჰიდეო იტოკავას მიერ ჯერ კიდევ 1998 წელს აღმოჩენილი 330 მეტრი სიგრძის ასტეროიდის ზედაპირიდან ნიმუშები იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (Jaxa) ხომალდმა Hayabusa 2005 წელს მოიპოვა. აპარატმა ისინი დედამიწაზე 2010 წელს ჩამოიტანა. ციური სხეულიდან აღებული გრუნტის უმცირესი მარცვლის, სახელად ამაზონის შესწავლისას მეცნიერებმა მასზე წყლის გარდა სხვადასხვა ორგანულ ნივთიერებასაც მიაკვლიეს. მათი ერთი ნაწილი პირველადი მატერიაა, ანუ მასზე სიცხეს არ უმოქმედია, მეორე კი გადახურებულია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ უკანასკნელ ჯგუფში შემავალი ნივთიერებები ასტეროიდზე მაშინაც არსებობდნენ, როცა ის 600 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე გაცხელდა, მეორე სახის სუბსტანცია კი უკვე გაგრილებულ ობიექტზე მოგვიანებით გაჩნდა.

მეცნიერების მიერ შესწავლილი გრუნტის უმცირესი მარცვალი. ფოტო: ISAS-JAXA

სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ასტეროიდი იტოკავა, დედამიწის მსგავსად, მილიარდობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა და მასზე არსებულ თუ გარედან მიღებულ ქიმიურ კომპონენტებს აერთიანებდა. კვლევის თანახმად, მან ამ დროში გაცხელება, დეჰიდრატაცია და სხვა ობიექტთან ძლიერი შეჯახება განიცადა. ამის მიუხედავად, ის აღნიშნულ პროცესებს გადაურჩა, ნამტვრევები შემოიერთა და ნახშირბადით მდიდარი მეტეორიტების მიერ მის ზედაპირზე ჩამოტანილი ნივთიერებების მეშვეობით წყლის მარაგი აღიდგინა.

იაპონიაში ასტეროიდ რიუგუზე შეგროვებული ნიმუშებით სავსე კაფსულა გახსნეს

აქამდე მიიჩნეოდა, რომ დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა C ტიპის ასტეროიდებს უკავშირდებოდა. ახალი კვლევა კი ცხადყოფს, რომ ჩვენს პლანეტას, შესაძლოა, საჭირო მატერია S ტიპის ციური სხეულებიდან მიეღო, რომელსაც იტოკავა მიეკუთვნება. ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ჩვენს მზის სისტემაში ნივთიერებების ამგვარი მიმოცვლა, სავარაუდოდ, საკმაოდ გავრცელებული პროცესია.

კომენტარები

ბოლო ამბები