Thumbnail

დედამიწის ორბიტა, ორივე პოლუსი და ყველაზე ღრმა ადგილი - რიჩარდ გერიოტის რეკორდი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკელი მოგზაური, ასტრონავტი და ვიდეოთამაშების დეველოპერი, რიჩარდ გერიოტი წყალქვეშა აპარატით წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ფილიპინის ზღვაში მდებარე მარიანის ღრმულში ჩაეშვა, რომლის მაქსიმალური სიღრმე დაახლოებით 11 ათას მეტრს შეადგენს. შედეგად, ის მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი გახდა, ვინც ჩვენი პლანეტის სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე, ასევე, მის ორბიტაზე განლაგებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმოგზაურა და დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში ჩავიდა.

► ნახეთ: ეგვიპტელმა მყვინთავმა წყალქვეშ 6 დღე-ღამე გაატარა

59 წლის გერიოტი, რომელიც ახლახან საერთაშორისო ორგანიზაციის "მოგზაურთა კლუბი" პრეზიდენტად აირჩიეს, მარიანის ღრმულში პირველი სერტიფიცირებული კომერციული სუბმარინით Limiting Factor ჩაეშვა, რომელიც აშშ-ის ფლორიდის შტატში დაფუძნებულმა კომპანიამ Triton Submarines დაამზადა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივნისში ამ აპარატით მარიანის ღრმულში NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, ქეთრინ სალივანიც ჩავიდა, რომელიც მსოფლიოში პირველი ადამიანი იყო, ვინც ჩვენი პლანეტის ორბიტასა და დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში იმოგზაურა.

რიჩარდ გერიოტი მარიანის ღრმულში ჩასვლამდე. ფოტო: The Explorers Club

დაახლოებით 1,4 მეტრი გარშემოწერილობის წყალქვეშა აპარატით, რომელსაც 9 სანტიმეტრი სისქის ტიტანიუმის კორპუსი აქვს, რიჩარდ გერიოტმა ღრმულის ფსკერამდე ჩასვლას ოთხი საათი მოანდომა. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, წყალქვეშ მოგზაურობისას სივრცის ნაკლებობის გამო დისკომფორტი არ შექმნია. გერიოტის მიზანი ჩაშვების დროს მარიანის ღრმულის შესწავლა და იქ ნიმუშების შეგროვება იყო.

► ნახეთ: ყველაზე ახალგაზრდა ნიჩბოსანი ქალი, რომელმაც ატლანტის ოკეანე გადაცურა

აღსანიშნავია, რომ რიჩარდი აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ასტრონავტის, ოუენ გერიოტის შვილია, რომელმაც კოსმოსში 1973 და 1983 წლებში განხორციელებული მისიების ფარგლებში იფრინა და იქ საერთო ჯამში 70 დღემდე დაჰყო. მამის მსგავსად დედამიწის ორბიტაზე იმოგზაურა რიჩარდმაც, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საკუთარი დაფინანსებით, რუსული "სოიუზის" ტიპის კოსმოსური ხომალდით 2008 წლის 12 ოქტომბერს გაფრინდა, უკან კი 12 დღის შემდეგ დაბრუნდა. ამ მისიის დროს მან სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით Apogee of Fear გადაიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები