Thumbnail

CDC-ის განახლებული რეკომენდაციები ზომბი აპოკალიფსისთვის გვამზადებს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ზომბი აპოკალიფსისთვის საგანგებოდ შემუშავებული რეკომენდაციები განაახლა. სპეციალური მითითებები, რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოში მოულოდნელად მოსიარულე მკვდრები გამოჩნდებიან, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

საშინელებათა ფილმების მოყვარულები პანდემიას მეტად მომზადებულები შეხვდნენ

ზომბი აპოკალიფსისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები სააგენტომ პირველად 2011 წელს გამოაქვეყნა, ახლა კი საზოგადოებისთვის მათი შეხსენება გადაწყვიტა. საიტზე ვკითხულობთ, რომ მსგავსი კამპანია მიზნად ქვეყნის მოქალაქეთა სახალისო გზით ინფორმირებასა და ფართო აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენას ისახავს, რათა ადამიანებმა ბუნებრივი თუ სხვა სახის კატასტროფებისთვის წინასწარი მზადების აუცილებლობა ირწმუნონ. ის, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ეს ნაბიჯი სწორედ კორონავირუსის პანდემიის დროს გადადგა, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი სიტუაციებისთვის მზადყოფნა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ზომბი აპოკალიფსისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს სპეციალური პოსტერიც დაურთო. ფოტო: CDC

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მითითებების მიხედვით, ზომბების გამოჩენისთანავე, ისევე, როგორც ნებისმიერი კატასტროფის დროს, რამდენიმე დღის საკმარი საკვები, სასმელი და ჰიგიენური თუ სხვა დანიშნულების ნივთები უნდა მოვიმარაგოთ. მათ შორის, დღეში 4 ლიტრამდე წყალი თითოეული ადამიანისთვის, არამალფუჭებადი საკვები, მედიკამენტები, სხვადასხვა ხელსაწყო, ტანსაცმელი, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები.

ნახეთ: კატასტროფებისგან დამცავი ფეშენებელური ბუნკერი

მეორე ეტაპზე ოჯახის წევრებთან ერთად გადარჩენის გეგმა უნდა შევიმუშაოთ. განვსაზღვროთ, სად გავექცევით ზომბებს, თუ ისინი ჩვენს სახლს მოუახლოვდებიან. აუცილებელია გავარკვიოთ, რომელ სამსახურს შეგვიძლია მივმართოთ გადაუდებელი დახმარების მისაღებად და ჩამოვწეროთ მათი სია. ასევე, მოვიფიქროთ შეხვედრის ადგილი, სადაც მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში შევიკრიბებით და ავარჩიოთ საუკეთესო მარშრუტი ქალაქიდან უსაფრთხოდ გასაღწევად.

CDC გვპირდება, რომ, თუ დედამიწაზე ოდესმე მოსიარულე მკვდრები მართლაც გამოჩნდებიან, ისინი ზუსტად ისე იმოქმედებენ, როგორც პანდემიის დროს - დაადგენენ მომხდარის გამომწვევ მიზეზს, განახორციელებენ ლაბორატორიულ კვლევებს, უმკურნალებენ პაციენტებს და შეეცდებიან პრობლემის აღმოფხვრას.

კომენტარები

ბოლო ამბები