Thumbnail

2029 წელს დედამიწის გარშემო მოძრავ სატელიტებს, შესაძლოა, ასტეროიდი შეეჯახოს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მიმდინარე წლის 6 მარტს, თბილისის დროით 05:15 საათზე დედამიწიდან 16,7 მილიონი კილომეტრის მოშორებით დიდი ზომის ასტეროიდმა ჩაიარა, რომელიც ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი პერსონაჟის, ქაოსის ძალებისა და ბოროტების სიმბოლოს, აპოფისის სახელს ატარებს. ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ციური სხეული მომდევნო ჯერზე 2029 წელს მოგვიახლოვდება, რაც, შესაძლოა, ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრებთან  შეჯახებით დასრულდეს.

მეცნიერებმა დედამიწისთვის საშიში 11 ასტეროიდი გამოავლინეს

NASA-ს ცნობით, 340 მეტრი სიგანის მქონე ასტეროიდი, ოფიციალური სახელწოდებით 99942 აპოფისი, დედამიწასთან ყველაზე ახლო მანძილზე 2029 წლის 14 აპრილს მოვა, რა დროსაც პლანეტის ზედაპირიდან დაახლოებით 31,900 კილომეტრით იქნება დაშორებული. ამ დისტანციაზე საკომუნიკაციო თუ სხვა დანიშნულების არაერთი სატელიტი გადაადგილდება. შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ ციური სხეული რომელიმე მათგანს შეეჯახოს. როგორც ცნობილია, თბილისის დროით 03:00 საათზე ის ატლანტის ოკეანის თავზე გამოჩნდება, სულ რაღაც ერთ საათში კი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაკვეთს. აღსანიშნავია, რომ მის ხილვას შეუიარაღებელი თვალითაც შევძლებთ.

2029 წელს ასტეროიდი აპოფისი ჩვენგან 31,900 კილომეტრის დაშორებით ჩაივლის. ფოტო: NASA

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის არიზონის შტატში მდებარე კიტ პიკის ობსერვატორიაში მომუშავე ასტრონომების მიერ 2004 წლის 19 ივნისს აღმოჩენილ ასტეროიდ აპოფისის მოახლოებისას მისი დეტალურად შესწავლის შანსი მიეცემათ. სპეციალისტები მასზე დაკვირვებას სხვადასხვა ხელსაწყოთი გეგმავენ, იქნება ეს რადარები თუ ოპტიკური ტელესკოპები, რომელთა მეშვეობითაც ობიექტის აგებულებისა და შემადგენლობის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებიან.

21 მარტს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება

აპოფისის მოძრაობის ტრაექტორიაზე დაკვირვებისას მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის დედამიწას მომავალში ჯერ 2036, შემდეგ კი 2068 წელს მოუახლოვდება. კოსმოსური ობიექტის ორბიტული გადახრა ყოველწლიურად 170 მეტრს შეადგენს, რის გამოც არსებობს საშიშროება, რომ 47 წელში მან გეზი ჩვენი პლანეტისკენ აიღოს და შეჯახების შემთხვევაში კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

კომენტარები

ბოლო ამბები