Thumbnail

დღის ფოტო: მომაკვდავი გალაქტიკა ჰაბლის ტელესკოპის ობიექტივში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოსა (NASA) და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ჰაბლის ტელესკოპმა კვდომის პროცესში მყოფი გალაქტიკა, სახელად NGC 1947 დააფიქსირა. ის შოტლანდიელმა ასტრონომმა, ჯეიმს დანლოპმა ჯერ კიდევ 1826 წლის 5 ნოემბერს აღმოაჩინა. ობიექტი ოქროს თევზის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან დაახლოებით 40 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. მისი დანახვა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდანაა შესაძლებელი.

NGC 1947 თავდაპირველად სპირალური გალაქტიკა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დიდი რაოდენობით აირი და შესაბამისად, ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის უნარი დაკარგა, რამაც მისი ზრდის პროცესის შეჩერება განაპირობა. ჰაბლის ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერის WFC3 მიერ დაფიქსირებულ გამოსახულებაზე გალაქტიკის ცენტრალურ ნაწილში თავმოყრილი იონიზებული გაზი მოჩანს, რომელსაც დისკის ფორმა აქვს. მის გარშემო კი კოსმოსური მტვრისა და აირის შემცველი, სპირალურად განლაგებული შვერილების კვალი შეინიშნება.

კვდომის პროცესში მყოფი გალაქტიკა NGC 1947

ფოტო: NASA/ESA

კომენტარები

ბოლო ამბები