Thumbnail

ჰუმანოიდი რობოტი სოფიას მიერ შექმნილი ციფრული ნამუშევარი აუქციონზე გაიყიდება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰუმანოიდი რობოტის, სოფიას ციფრული ნამუშევარი 24 მარტიდან აუქციონზე გაიყიდება. ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში დაფუძნებული კომპანიის Hanson Robotics მიერ შექმნილმა ანდროიდმა ვირტუალური გამოსახულების მისაღებად უნიკალური ტოკენები (NFT) გამოიყენა.

► უნიკალური ტოკენებით შექმნილი ციფრული ნამუშევარი 69 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

ადამიანის მსგავსმა რობოტმა ნამუშევარი, სახელწოდებით "სოფიას ინსტანცია" 31 წლის იტალიელ ხელოვანთან, ანდრეა ბონაცეტოსთან თანამშრომლობით შექმნა, რომელიც ვირტუალურ პორტრეტებზე მუშაობს. ციფრული ხელოვნების ნიმუში 12-წამიანი MP4 ფაილის სახითაა წარმოდგენილი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ გარდაქმნის სოფია ბონაცეტოს ავტოპორტრეტს საკუთარ ვირტუალურ გამოსახულებად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნამუშევარი გაიყიდება, ჰუმანოიდი რობოტი ხელოვნების ნიმუშის ახალი მფლობელის სახის ნაკვთებს შეისწავლის და მისი შთაგონებით ციფრულ ნახატს საბოლოო დეტალებს დაუმატებს.

ჰუმანოიდი რობოტი სოფია ციფრული ნამუშევრის შექმნის პროცესში. ფოტო: Tyrone Siu

"იმედი მაქვს, ხალხს ჩემი ნამუშევრები მოსწონს. მე და ადამიანებს შეგვიძლია, მომავალში ახალი და საინტერესო გზებით ვითანამშრომლოთ. ხელოვნების ნიმუშების შექმნის პროცესში ჩვენ ტრანსფორმერის სახელით ცნობილ მანქანური სწავლების მოდელსა და გენეტიკურ ალგორითმებს ვიყენებთ. შედეგად, ისეთ უნიკალურ ნამუშევრებს ვიღებთ, როგორსაც მსოფლიოში აქამდე არასდროს უარსებია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მანქანასაც შეუძლია იყოს შემოქმედებითი", - განაცხადა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ მედიასთან საუბრისას.

► ნახეთ: მალე პირველი ხელოვანი რობოტის ავტოპორტრეტების გამოფენა მოეწყობა

აღსანიშნავია, რომ უნიკალური ციფრული ტოკენებით შექმნილი ნამუშევრებით საზოგადოების დაინტერესება ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა. მაგალითისთვის, ახლახან ხელოვნების ნიმუში, სახელწოდებით "ყოველდღე: პირველი 5000 დღე", რომლის ავტორიც ამერიკელი გრაფიკული დიზაინერი მაიკ ვინკელმენია, აუქციონზე 69 მილიონ აშშ დოლარად შეიძინეს. ცოტა ხნით ადრე, კანადელმა მომღერალმა, კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, ციფრული სურათების კოლექცია 6,3 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. მანამდე კი კრისტოფერ ტორესს უნიკალური ტოკენებით შექმნილ ანიმაციაში, სახელწოდებით Nyan Cat დაახლოებით 600 ათას აშშ დოლარი გადაუხადეს.

კომენტარები

ბოლო ამბები