Thumbnail

ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას პომპეიში მცხოვრები ადამიანები 15 წუთში დაიხოცნენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იტალიაში მდებარე ბარის უნივერსიტეტში, ამავე ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტსა და დიდი ბრიტანეთის გეოლოგიური კვლევების ორგანიზაციაში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას ქალაქ პომპეიში მცხოვრები ადამიანები, სავარაუდოდ, 15 წუთში დაიხოცნენ.

ნახეთ: პომპეიში ნახატებით გაფორმებული უძველესი სწრაფი კვების ობიექტი აღმოაჩინეს

იტალიაში, თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს მდებარე ქალაქი პომპეი, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული, 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაიფარა და განადგურდა. როგორც ცნობილია, მომხდარს 2 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, რომლებმაც გაქცევა ვერ მოასწრეს. ახალი კვლევის თანახმად, ისინი არა ლავამ, არამედ ცხელი აირებისა და ვულკანური ფერფლისგან შედგენილმა ღრუბელმა შეიწირა, რომელმაც დასახლებამდე სულ რამდენიმე წუთში ჩააღწია და იქაური მაცხოვრებლები გაგუდა. 

ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას ქალაქ პომპეიში მცხოვრები ადამიანები, სავარაუდოდ, 15 წუთში დაიხოცნენ. 

მეცნიერთა განცხადებით, ზემოხსენებული პიროკლასტიკური ნაკადი პომპეიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე ვულკან ვეზუვის ამოფრქვევისას წარმოიქმნა და ფერდობზე დაეშვა. მათი გამოთვლებით, 100 °C-ზე მეტი ტემპერატურის მქონე მომაკვდინებელ ღრუბელს, რომელიც ნახშირორჟანგს, ქლორიდებს, გავარვარებულ ფერფლსა და ცხელ აირებს აერთიანებდა, ქალაქის დასაფარად მხოლოდ 10-დან 20 წუთამდე დრო დასჭირდა. შედეგად, ქუჩებში, მოედნებსა თუ სახლებში მყოფი მოსახლეობა ადგილზევე დაიხოცა.

დედამიწაზე მობინადრე ორგანიზმებს უჟანგბადობის გამო განადგურება ემუქრება

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პომპეის მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც მხოლოდ მიწისძვრებს იყვნენ შეჩვეული, ვულკანის ამოფრქვევა სრულიად მოულოდნელი იყო. შესაბამისად, ისინი, შესაძლოა, ისე გაგუდულიყვნენ, რომ არათუ გაქცევა, არამედ მომხდარის გააზრებაც კი ვერ მოესწროთ. სპეციალისტთა თქმით, მათი მიგნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია და ის ამ კატასტროფის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები