Thumbnail

ნახეთ: დრონმა ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა გადაიღო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

უპილოტო საფრენმა აპარატმა ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკან ფაგრადალსფიალის ამოფრქვევა დააფიქსირა. დრონს ქვეყნის დედაქალაქ რეიკიავიკში მცხოვრები ფოტოგრაფი, ბიორნ სტაინბეკი მართავდა, რომელმაც ამ შთამბეჭდავი ბუნებრივი ფენომენის ამსახველი ვიდეო თავის ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.

► 10 შთამბეჭდავი მოქმედი ვულკანი

ფაგრადალსფიალის სანახავად, რომელიც გასული 6 ათასი წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა, ასობითი ადამიანი შეიკრიბა. აღსანიშნავია, რომ ის რეიკიავიკიდან 40 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და ობიექტამდე უმოკლესი გზით ფეხით მისვლა დაახლოებით 90 წუთშია შესაძლებელი. ბიორნ სტაინბეკის დრონმა თავდაპირველად ვულკანიდან ამოტყორცნილი მაგმის მიერ წარმოქმნილი ნაკადის გადაღება დაიწყო, შემდეგ კი ფაგრადალსფიალის კრატერის თავზე გადაიფრინა და იქიდან ლავის ამოფრქვევის პროცესი დააფიქსირა.

 

ვულკანის გააქტიურებას რეიკიანესის ნახევარკუნძულზე 50 ათასამდე მიწისძვრა უძღოდა წინ. ბოლო ინფორმაციით, ფაგრადალსფიალის კრატერიდან დაახლოებით 300 ათასი კუბური მეტრი მოცულობის ლავა ამოიტყორცნა. აღსანიშნავია, რომ ვულკანის ამოფრქვევიდან რამდენიმე საათში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იქ მისასვლელი გზის ჩაკეტვის განკარგულება გასცეს, თუმცა მოგვიანებით, უსაფრთხოების წესების დაცვის პირობით ვიზიტორებს შთამბეჭდავი ბუნებრივი მოვლენის საკუთარი თვალით ხილვის შესაძლებლობა მისცეს. დაახლოებით 385 მეტრი სიმაღლის ფაგრადალსფიალი კრისუვიკის სახელით ცნობილი ვულკანური სისტემის შემადგენლობაში შედის, სადაც გასული 900 წლის განმავლობაში ამოფრქვევა პირველად დაფიქსირდა.

ისლანდიაში, რომელიც ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონიკურ ფილებს შორისაა განლაგებული, საერთო ჯამში 32 აქტიური ვულკანური სისტემა მდებარეობს. როგორც ცნობილია, იქ ამოფრქვევა საშუალოდ წელიწადში ხუთჯერ ფიქსირდება. ისლანდიაში ბოლოს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვულკანი ჰოლუჰრაუნი გააქტიურდა, რომლის ამოფრქვევაც 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის თებერვლამდე გრძელდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები