Thumbnail

ნახეთ: ნორვეგიაში გემებისთვის განკუთვნილ გვირაბს გაიყვანენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ნორვეგიის ხელისუფლებამ დაამტკიცა პროექტი, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ვესტლენდის ოლქში განლაგებულ სტადის ნახევარკუნძულზე გემებისთვის განკუთვნილი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი მსგავსი ნაგებობა იქნება.

გერმანიასა და დანიას შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელ წყალქვეშა გვირაბს გაიყვანენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გვირაბს, რომლის მშენებლობის გეგმის შესახებ ნორვეგიის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, სტადის ნახევარკუნძულის ყველაზე ვიწრო წერტილში გაიყვანენ. მისი სიგრძე 1,7 კილომეტრი, სიმაღლე 37 მეტრი, ხოლო სიგანე 26,5 მეტრი იქნება. ახალი გზის საშუალებით დიდი ზომის გემებს ხშირი შტორმებითა და ქაოტური დინებებით გამორჩეული ადგილების უსაფრთხოდ გადალახვა შეეძლებათ, რაც საზღვაო გადაზიდვების დაჩქარებას უზრუნველყოფს. ეს კი რეგიონის სამრეწველო თუ კომერციულ საქმიანობაზე დადებითად აისახება.

ასეთი იქნება მსოფლიოში პირველი გვირაბი გემებისთვის

ფოტო: The Norwegian Coastal Administration

როგორც ცნობილია, სტადის ნახევარკუნძულზე გვირაბის ასაშენებლად ადგილს ასაფეთქებელი სამუშაოებისა და მიწისქვეშა საბურღი მოწყობილობების მეშვეობით გაათავისუფლებენ. შედეგად, იქიდან რამდენიმე ნაგებობასა და დაახლოებით 8 მილიონ ტონა გრუნტს მოაშორებენ. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ბევრ სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული, რადგან არხი საკმაოდ მოკლე უნდა იყოს.

ნახეთ: წყალქვეშა გვირაბების ქსელი ფარერის კუნძულებზე

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ევროპაში მდებარე სახელმწიფოს ხელისუფლებას გემებისთვის განკუთვნილი გვირაბის გაყვანა 2,8 მილიარდი ნორვეგიული კრონი (330 მილიონი აშშ დოლარი) დაუჯდება. მისი მშენებლობა 2022 წელს დაიწყება და 3-4 წელიწადში დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები