Thumbnail

საუკუნის ბოლოსთვის ზაფხული, შესაძლოა, 6 თვე გაგრძელდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის განსუს პროვინციაში მდებარე ლანჯოს უნივერსიტეტსა და იმავე ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიაში მომუშავე მკვლევრები თავის ავსტრალიელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ მიმდინარე საუკუნის ბოლოსთვის დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის სეზონმა შესაძლოა, ნახევარ წელს გასტანოს. მათი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

დედამიწაზე ახლა უფრო ცხელა, ვიდრე ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში 1952-დან 2011 წლამდე შეგროვებული მეტეოროლოგიური მონაცემები შეისწავლეს. ყოველდღიურ ტემპერატურაზე დაკვირვებით მათ აღმოაჩინეს, რომ დროის აღნიშნულ მონაკვეთში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის დღეების რაოდენობა 78-დან 95-მდე გაიზარდა, ზამთრისამ 76-დან 73-მდე იკლო, გაზაფხულის 124-დან 115-მდე შემცირდა, შემოდგომის კი 87-დან 82-მდე. ეს ცვლილება ყველაზე მეტად ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე აისახა, სადაც 1950 წლიდან მოყოლებული ყოველ 10 წელიწადში ზაფხული 8 ან მეტი დღით ხანგრძლივდება.

სეზონების ხანგრძლივობა სხვადასხვა წელს. ფოტო: Geophysical Research Letters

ზემოხსენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნაშრომის ავტორებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომლის საშუალებითაც განსაზღვრეს, რამდენი ხნის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს თითოეული სეზონი მომავალში. კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილების ამავე ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, 2100 წლისთვის თითქმის 6-თვიანი ზაფხული და 2-თვიანი ზამთარი გვექნება, გაზაფხული დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიწყება, შემოდგომა კი თვე-ნახევრით დაიგვიანებს.

გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს

მეცნიერთა განცხადებით, ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, გარემოს მავნე ნივთიერებებით დაბინძურება შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დაცხება, რაც არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობაზე, არამედ სამეურნეო პროცესებზე, დაავადებათა გავრცელებაზე, ხანძრების რაოდენობასა და მთლიან ფლორასა თუ ფაუნაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები

ბოლო ამბები