Thumbnail

ნახეთ: ზემასიური შავი ხვრელის M87* ახალი გამოსახულება გავრცელდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევით დაწესებულებებში მომუშავე 300-ზე მეტი მეცნიერისგან შემდგარმა გუნდმა ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკის M87 ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის ახალი გამოსახულება გაავრცელა. მასზე პოლარიზებული სინათლის დანახვაა შესაძლებელი, რომელიც ობიექტის გარშემო არსებული მძლავრი გრავიტაციული ველის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. მკვლევართა ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ორი განსხვავებული მასის მქონე შავი ხვრელის შეჯახება დააფიქსირეს

ქალწულის თანავარსკვლავედში განლაგებული ელიფსური გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი, სახელწოდებით M87*, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2019 წელს მოექცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეცნიერებმა მსოფლიოს ამა თუ იმ ნაწილში მდებარე რადიოტელესკოპებით მისი ჩრდილი, ანუ ობიექტის ირგვლივ ფორმირებული კაშკაშა რგოლი დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტი იყო. ფოტოსურათის შესწავლისას მკვლევრებმა პოლარიზებული სინათლე შენიშნეს, რაც სხივების მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებითაა გამოწვეული. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით მოიპოვეს მათ M87*-ის ახალი გამოსახულება, რომელიც მისი უკეთ შესწავლის საშუალებას გვაძლევს.

M87-ის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი

შავი ხვრელის M87* ახალი გამოსახულება მის გარშემო არსებულ პოლარიზებულ სინათლეს გვიჩვენებს.
ფოტო: EHT Collaboration

M87-ის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელი

გალაქტიკის ცენტრიდან წამოსული პოლარიზებული გამოსხივება.
ფოტო: ALMA

სინათლის პოლარიზება სხივების მიმართულების ცვლილებაა. M87*-ის შემთხვევაში, მსგავს ფენომენს შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტის მიმდებარედ მოქმედი მაგნიტური ველი განაპირობებს. ეს უკანასკნელი საკმარისად მძლავრია იმისთვის, რომ გარშემო მოძრავ ცხელ აირს გრავიტაციის საწინააღმდეგოდ უბიძგოს და ღია კოსმოსში გატყორცნოს. მეცნიერთა აზრით, ამ პროცესით აიხსნება შავი ხვრელებისთვის დამახასიათებელი ძლიერი გამოსხივება, რომელიც ხშირად 5 ათასი ან მეტი სინათლის წლის მანძილზე აღწევს.

ნახეთ: მეცნიერებმა შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი დააფიქსირეს

კვლევის ავტორებს თავიანთი მიგნება მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი ინფორმაცია კონკრეტულად M87*-ისა და ზოგადად შავი ხვრელების უკეთ შესწავლაში, ასევე, მათთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები