Thumbnail

ტვინის ზოგიერთი უჯრედი ადამიანის სიკვდილის შემდეგ აქტიურდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჩიკაგოში მდებარე ილინოისის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინის ზოგიერთი უჯრედი ჩვენი სიკვდილის შემდეგ აქტიურდება და ზომაში იზრდება. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია წარმოდგენილი.

სმარტფონებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ტვინში მსგავს ცვლილებებს იწვევს

ილინოისის უნივერსიტეტში ადამიანის ტვინის ქსოვილების საცავი ფუნქციონირებს, სადაც ნიმუშებს ამა თუ იმ ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტისთვის ჩატარებული ოპერაციიდან ან ამ უკანასკნელის გარდაცვალებიდან მოკლე ვადაში იღებენ. ეს ერთგვარი ტვინის ბანკია, რომელიც მეცნიერებს შიზოფრენიის, ეპილეფსიის, ალცჰეიმერის დაავადებისა და სხვა სნეულებების მქონე ადამიანების ნერვული სისტემის კვლევის საშუალებას აძლევს. 

ერთ-ერთი ასეთი კვლევისას, სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი განსხვავებები შენიშნეს ოპერაციის შემდეგ ახლად მიღებულ ქსოვილებსა და იმ ნიმუშებს შორის, რომლებმაც საცავში 12 საათზე მეტი დრო გაატარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ უფრო ძველ ქსოვილებში ზოგიერთი გენის ექსპრესია უფრო მაღალი იყო და ამ თავისებურების დეტალურად შესწავლა გადაწყვიტეს.

სიკვდილის შემდეგ გააქტიურებული გლიური უჯრედები. ფოტო: Dr. Jeffrey Loeb

ექსპერიმენტის დროს, მკვლევრებმა ტვინის ქსოვილების კვდომის სიმულირება მოახდინეს და მათში არსებული ყველა გენის ექსპრესიას 24 საათის განმავლობაში დააკვირდნენ. ამ დროში გენების უმეტესობის მუშაობაში ცვლილება არ გამოვლენილა. ამასთან, ნეირონულ უჯრედებში არსებული გენების სწრაფი დეგრადაცია სიკვდილიდან პირველივე საათებში დაიწყო, გლიური უჯრედები კი პირიქით, გააქტიურდნენ, გადიდნენ და წანაზარდები გაუჩნდათ.

გლიური უჯრედების ამგვარი აქტიურობა სულაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი დანიშნულება ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნეირონების დაცვაა. ისინი მაშინ იწყებენ ფუნქციონირებას, როცა ტვინი ზიანდება, იქნება ეს ინსულტით თუ ჰიპოქსიით, ანუ ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული. როგორც ჩანს, ისინი ამ სამუშაოს შესრულებას ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებენ, თუმცა 24 საათში მათი სხვა უჯრედებისგან გარჩევა უკვე შეუძლებელი ხდება.

მოძალადე ადამიანებს უფრო პატარა ტვინი აქვთ

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა მიერ ოპერაციების დროს მოპოვებული ქსოვილებისა და გარდაცვლილი ადამიანის ტვინის უჯრედების ერთმანეთთან შედარებამ მნიშვნელოვანი სხვაობა აჩვენა. ორგანიზმიდან ასეთ ნიმუშებს, ძირითადად, სიკვდილიდან საკმაოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ იღებენ. სპეციალისტთა აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს ზემოხსენებული განსხვავების მიზეზი. მათი თქმით, მსგავსი ბიოლოგიური მასალის გამოკვლევამ, შესაძლოა, არასწორ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ სჯობს ცხედარი მოკლე დროში გაიკვეთოს.

კომენტარები

ბოლო ამბები