Thumbnail

ნახეთ: ტაილანდელმა ქალმა უიშვიათესი ნარინჯისფერი მარგალიტი აღმოაჩინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ტაილანდის სამხრეთ ნაწილში მდებარე სატუნის პროვინციაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა, კოჩაკორნ ტანტივივატკულმა ზღვის პროდუქტებით კერძის მომზადებისას შემთხვევით ათობით ათასი აშშ დოლარის ღირებულების უიშვიათესი ნარინჯისფერი მარგალიტი აღმოაჩინა. ის იმედოვნებს, რომ ძვირფასი მინერალური წარმონაქმნის სარფიანად გაყიდვას შეძლებს, რადგან მის ოჯახს ფული ძალიან სჭირდება.

ტაილანდში მეთევზეებმა უიშვიათესი ნარინჯისფერი მარგალიტი აღმოაჩინეს

კოჩაკორნ ტანტივივატკულმა ნარინჯისფერი მარგალიტი მელოს სახეობის ზღვის ლოკოკინის ერთ-ერთ ნიჟარაში მაშინ შენიშნა, როცა ამ საკვებ პროდუქტს ჭრიდა. ქალს თავიდან ის ჩვეულებრივი ქვა ეგონა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ საქმე ძვირფასეულობასთან ჰქონდა. მარგალიტი 7 გრამს იწონის, მისი დიამეტრი კი 1,5 სანტიმეტრს შეადგენს. კოჩაკორნის განცხადებით, მან მოლუსკები მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივ ბაზრობაზე შეიძინა, მაგრამ საკუთარ აღმოჩენას ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავდა, რადგან ეშინოდა, გამყიდველს მარგალიტის დაბრუნება არ მოეთხოვა.

უიშვიათესი ნარინჯისფერი მარგალიტი

ფოტო: Viral Press

უიშვიათესი ნარინჯისფერი მარგალიტი

ფოტო: Viral Press

უიშვიათესი ნარინჯისფერი მარგალიტი

ფოტო: Viral Press

კოჩაკორნი ოჯახის წევრებთან ერთად მარგალიტის გაყიდვას აპირებს. ისინი იმედოვნებენ, რომ მსურველები მალე გამოჩნდებიან და საკმარის თანხას შესთავაზებენ, რომელიც სიმსივნით დაავადებული დედის მკურნალობას მოხმარდება. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ამისთვის 1 მილიონზე მეტი ტაილანდური ბატი სჭირდებათ, რაც დაახლოებით 32 ათასი აშშ დოლარია.

"მეტს ვეღარ მოვითმენთ, რადგან გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. მე ავარიაში მოვყევი, ჩემს ცოლს კი სიმსივნე აღმოაჩნდა. ეს მარგალიტი ჩვენი ერთადერთი იმედია, რომ სათანადო მკურნალობა შევძლოთ", - განაცხადა კოჩაკორნის მამამ, ნივატ ტანტივივატკულმა.

ინდოელმა ფერმერმა მიწის დამუშავებისას 14.98-კარატიანი ალმასი აღმოაჩინა

აღსანიშნავია, რომ ეს ტაილანდის მოქალაქეების მიერ ნარინჯისფერი მარგალიტის აღმოჩენის პირველი შემთხვევა არაა. მსგავსი პრეცედენტი იქ უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა. როგორც წესი, მსგავსი შეფერილობის მინერალური წარმონაქმნები სამხრეთ ჩინეთისა და ანდამანის ზღვებში მობინადრე მოლუსკებში გვხვდება. მას ფორმირებისთვის ჩვეულებრივზე მეტი დრო ესაჭიროება და საკმაოდ ძვირადაც ფასობს.

კომენტარები

ბოლო ამბები