Thumbnail

ნახეთ: კომპანიამ Boston Dynamics ახალი რობოტი წარადგინა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Boston Dynamics საზოგადოებას ახალი რობოტი, სახელად Stretch წარუდგინა. სოციალურ ქსელ ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის საწყობებში ყუთების გადასაზიდად შეიქმნა, რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მწარმოებელს ბოლო წლებში ძალების გამოცდა სწორედ ლოგისტიკის სფეროში სურდა.

კომპანიამ Boston Dynamics რობოტი ძაღლის ახალი ვერსია წარადგინა

Stretch კომპანიის სხვა ცნობილი რობოტებისგან საკმაოდ განსხვავდება და ვიზუალურად ადამიანს ან რომელიმე ცხოველს არ ჰგავს. მისი დიზაინი მაქსიმალურ პრაქტიკულობაზეა გათვლილი. მოწყობილობას კვადრატული ფორმის საფუძველი აქვს, რომლის ქვედა ნაწილშიც ბორბლებია განთავსებული. მისგან ზემოთ აღმართული ანძა კამერებითა და სენსორებითაა აღჭურვილი, უზარმაზარი მექანიკური ხელის ბოლოში კი ვაკუუმური შეწოვის ფუნქციის მქონე სპეციალური ხელსაწყოა დამაგრებული, რომელიც 23 კილოგრამამდე წონის ტვირთის აწევისა და გადატანის საშუალებას იძლევა.

 

Boston Dynamics-ის დანარჩენი რობოტების მსგავსად, Stretch-იც მოქნილობითა და მოხერხებულობით გამოირჩევა. მას არაავტომატიზებული ინფრასტრუქტურის მქონე საწყობებში თავისუფლად გადაადგილება და პროდუქციის თაროებზე დაწყობა ან მათი გადმოტვირთვა შეუძლია, რაც ამ ტიპის სივრცეებისთვის ძალზე ხელსაყრელია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ასეთია მსოფლიოში არსებული საწყობების 80 პროცენტი, ამიტომაც, ისინი კომპანიის მთავარი სამიზნეა.

NASA მარსზე რობოტი ძაღლის გაგზავნას გეგმავს

აღსანიშნავია, რომ ეს Boston Dynamics-ისთვის უკვე მეორე მსგავსი რობოტია. პირველი Handle-ის სახელით ცნობილი მოწყობილობაა, რომელიც მძიმე ნივთების აწევასა და გადატანას მარტივად ართმევს თავს, თუმცა საკმარისად სწრაფი არაა. ამ უკანასკნელთან შედარებით, Stretch ბევრად უკეთ ფუნქციონირებს, რაც მის საფუძველში არსებული საპირწონის დამსახურებაა, რომელიც მექანიკური ხელის ინერციულ ძალასა და ტვირთის წონას არეგულირებს. შედეგად, რობოტს საათში 800-მდე ყუთის გადაზიდვა შეუძლია, მძლავრი ელემენტების მეშვეობით კი ერთი დამუხტვით 8 საათს მუშაობს.

კომპანიას Stretch-ის ღირებულება ჯერჯერობით არ გაუსაჯაროვებია. Boston Dynamics ამ ეტაპზე დაინტერესებულ პირებს ეძებს, რომლებიც ახალ პროდუქტს გამოცდიან, კომერციული მიზნით მისი ფართო წარმოება კი 2022 წლიდან დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები