Thumbnail

დედამიწის ერთი ნახევარსფერო მეორესთან შედარებით უფრო სწრაფად ცივდება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ნორვეგიაში მდებარე ოსლოს უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების განცხადებით, დედამიწის ის ნახევარსფერო, რომლის უდიდეს ნაწილსაც წყნარი ოკეანე მოიცავს, უფრო სწრაფად ცივდება, ვიდრე ნახევარსფერო, სადაც აფრიკის კონტინენტი მდებარეობს. მკვლევართა ნაშრომი, რომელშიც ამის სავარაუდო მიზეზებზეა საუბარი, სამეცნიერო გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

► დედამიწაზე ახლა უფრო ცხელა, ვიდრე ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში

მეცნიერებმა კვლევის დროს ჩვენი პლანეტის კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომელიც გასული 400 მილიონი წლის მონაცემებს აერთიანებს. ისინი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დედამიწის მოცემულ ნახევარსფეროებში ხმელეთისა და წყლის განაწილებას დააკვირდნენ. აღსანიშნავია, რომ სითბოს, რომელიც ჩვენი პლანეტის ბირთვიდან მოემართება და მანტიაში გროვდება, ძირითადად კონტინენტური ქერქი აკავებს და ინარჩუნებს, გაცილებით თხელი და არამდგრადი ოკეანური ქერქი კი მას შედარებით მარტივად კარგავს. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ე.წ. წყნარი ოკეანის ნახევარსფერო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში აფრიკის ნახევარსფეროსთან შედარებით დაახლოებით 223°C-ით მეტად გაცივდა.

სითბოს კარგვის მაჩვენებელი ე.წ. წყნარი ოკეანისა და აფრიკის ნახევარსფეროების მაგალითზე. ფოტო: Geophysical Research Letters

სპეციალისტებმა დედამიწის ორი ურთიერთსაპირისპირო მხარის გაცივების განსხვავებული ტემპი შემდეგნაირად ახსნეს - ვინაიდან წყნარი ოკეანის ნახევარსფერო გასული 400 მილიონი წლის განმავლობაში ძირითადად წყლით იყო დაფარული, მან ამ პერიოდში შედარებით მეტი სითბო დაკარგა. რაც შეეხება აფრიკის ნახევარსფეროს, სადაც დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ სუპერკონტინენტი პანგეა მდებარეობდა, ამჟამად კი აფრიკისა და ევრაზიის კონტინენტებია განლაგებული, მან დედამიწის მანტიაში არსებული სითბოს უმეტესი ნაწილის შენარჩუნება შეძლო.

► გაერო: 2100 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურა, შესაძლოა, 3°C-ით გაიზარდოს

აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორებმა კიდევ ერთი საინტერესო ვარაუდი გამოთქვეს. სპეციალისტების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ წყნარი ოკეანის ნახევარსფერო აფრიკის ნახევარსფეროსთან შედარებით უფრო სწრაფად ცივდება, ის ამ დროისთვის მასზე გაცილებით ცხელია. მათი აზრით, ამ რეგიონში ტემპერატურის შენარჩუნებას ხელი იქ სუპერკონტინენტ როდინიას არსებობამ შეუწყო. მეცნიერთა განცხადებით, ის დაახლოებით 1,1 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, ხოლო 750 მილიონი წლის წინ კონტინენტებად დაიშალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები