Thumbnail

ექსპერტების თქმით, თამბაქოს მწეველები მალე აღარ იარსებებენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში დაფუძნებული საფინანსო-საკონსულტაციო კომპანიის Jefferies Group ანალიტიკოსების განცხადებით, 10-20 წლის შემდეგ თამბაქოს მწეველებმა, შესაძლოა, აღარ იარსებონ. ამის ძირითად მიზეზად სპეციალისტები მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში მისი მოხმარების წინააღმდეგ შემოღებულ სხვადასხვა სახის რეგულაციებს ასახელებენ.

Jefferies Group-ში მომუშავე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში თამბაქოს შედარებით შემცირებული რისკის მქონე პროდუქტები, მათ შორის, ელექტროსიგარეტი ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართულმა უდიდესმა კომპანიებმა კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საკუთარი მომხმარებლებისთვის ასეთი პროდუქციის შეთავაზება უკვე დაიწყეს. მაგალითისთვის, გასული წლის ზაფხულში Philip Morris-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თამბაქოს რეალიზაცია მთლიანად შეაჩერონ. კომპანიის მიზანი 2025 წლისთვის დაახლოებით 40 მილიონი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის შედარებით უსაფრთხო პროდუქტზე გადაყვანაა.

უახლოეს მომავალში თამბაქოს შედარებით შემცირებული რისკის მქონე პროდუქტები, მათ შორის, ელექტროსიგარეტი ჩაანაცვლებს.

მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებას კიდევ ერთ ამერიკულ საფინანსო კომპანიაში Citigroup მომუშავე ანალიტიკოსები პროგნოზირებენ. მათი განცხადებით, 2050 წლისთვის განვითარებულ სახელმწიფოებში, მათ შორის, აშშ-ში, კანადასა და ევროპულ ქვეყნებში თამბაქოს მწეველები, სავარაუდოდ, აღარ იარსებებენ. თუმცა, ამ პროდუქტის მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას არ ელოდებიან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, საფრანგეთი და რუსეთი.

მსგავსი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს სპეციალისტებს მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების კლების ტენდენცია აძლევს. მაგალითისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, 2019 წელს მწეველთა რაოდენობა ამ ქვეყნის მოსახლეობის 14 პროცენტს შეადგენდა, მაშინ, როდესაც 2015 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 20,9 პროცენტი იყო. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებებისგან აშშ-ში ყოველწლიურად 480 ათასი ადამიანი იღუპება.

კომენტარები

ბოლო ამბები