Thumbnail

მეცნიერებმა კბილების ხელახალი გაზრდის მეთოდს მიაგნეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიაში მდებარე კიოტოს, ოსაკისა და ფუკუის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტისხეული, რომელმაც, შესაძლოა, კონკრეტულ გენზე ზემოქმედების მეშვეობით ადამიანებში დაკარგული კბილების ხელახალ გაზრდას შეუწყოს ხელი. მკვლევართა ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა გენის კორექტირების ახალი ტექნოლოგიით კიბოს უჯრედები გაანადგურეს

იაპონელ მეცნიერთა განცხადებით, კბილების გაზრდაში, ისევე, როგორც სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის განვითარებაში უდიდეს როლს ძვლის მორფოგენეტიკური ცილის (BMP) Wnt-ს სახელით ცნობილი სასიგნალო მოლეკულები ასრულებენ. მათზე პირდაპირმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, ორგანიზმში სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, სპეციალისტებმა სამიზნე ობიექტად ერთ-ერთი გენი, USAG-1 აარჩიეს, რომელიც ამ ნაერთებთან მჭიდრო კავშირშია, თანაც მისი გაუვნებელყოფა კბილების წარმოქმნას ასტიმულირებს.

დათრგუნული გენის USAG-1 მქონე თაგვის სარძევე კბილიდან ამოზრდილი ახალი კბილი. ფოტო: Kyoto University

ნაშრომის ავტორებმა კბილების თანდაყოლილი აგენეზისის მქონე ორსულ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში USAG-1-ის დათრგუნვა მონოკლონალური ანტისხეულებით სცადეს, რომელთა უმრავლესობაც ახალშობილ მღრღნელებში ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემებს დაედო საფუძვლად. აღნიშნული ცილებიდან ერთმა კი ზემოხსენებულ გენსა და BMP-ს შორის კავშირი წარმატებით დაარღვია, რასაც შედეგად ცხოველებში კბილების სრულად გაზრდა მოჰყვა. იგივე ეფექტი დაფიქსირდა ქრცვინების შემთხვევაშიც, რომელთაც ადამიანთა მსგავსი დენტალური წარმონაქმნები აქვთ.

გენური ინჟინერიის მეშვეობით ქრონიკული ტკივილის მკურნალობაა შესაძლებელი

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ახალი მეთოდი მომავალში ადამიანის კბილების რეგენერირებაშიც დაგვეხმაროს, თუმცა მანამდე კიდევ არაერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო. მომდევნო ეტაპზე ისინი მონოკლონალური ანტისხეულების გამოცდას ისეთ ცხოველებზე გეგმავენ, როგორიც ღორი და ძაღლია.

კომენტარები

ბოლო ამბები