Thumbnail

ხელოვნურ პლაცენტას ადამიანის ნაყოფზე 5 წელში გამოცდიან

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ენ არბორში მდებარე მიჩიგანის უნივერსიტეტის მოთის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში მომუშავე მეცნიერის, ჯორჯ მიქალისკას განცხადებით, მის მიერ კოლეგებთან ერთად შექმნილი ხელოვნური პლაცენტა ადამიანის ნაყოფზე გამოსაცდელად მზად 5 წელიწადში იქნება.

პირველად ისტორიაში ხელოვნური განაყოფიერებით ავაზის ორი ბოკვერი გაჩნდა

პლაცენტა ძუძუმწოვრებისა და ზოგიერთი ქორდიანი ცხოველის ორგანიზმში ორსულობის დროს ფორმირებული დროებითი წარმონაქმნია. ის ჩანასახს ჭიპლარის მეშვეობით უკავშირდება და მას საჭირო ნივთიერებებს აწვდის. დაახლოებით 12 კვირიდან კი ნაყოფის ჟანგბადით მომარაგებას იწყებს, ხოლო ნახშირორჟანგს დედის სხეულში აბრუნებს. შეიძლება ითქვას, რომ ის ემბრიონის ნაცვლად სუნთქავს, რადგან მისი ფილტვები ჯერ ამისთვის მზად არაა. ნაადრევი მშობიარობის შედეგად დაბადებული, ჯერ მხოლოდ მესამე ტრიმესტრში მყოფი ბავშვების გადარჩენის შანსები სწორედ ამ მიზეზით ძალზე დაბალია, რადგან მათი რესპირაციული ორგანოების პირდაპირ ჰაერით მომარაგებამ, შესაძლოა, ქსოვილი მნიშვნელოვნად დააზიანოს.

პლაცენტა ნაყოფის ზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ჯორჯ მიქალისკამ ნაადრევად დაბადებული ბავშვების დასახმარებლად ისეთი დანადგარის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც პლაცენტის ზემოხსენებულ ფუნქციას შეითავსებდა. მას თავის გუნდთან ერთად მიზნის მისაღწევად საკმაოდ დიდი დრო, 10 წელზე მეტი დასჭირდა, რადგან ნაყოფის სუსტი ფიზიოლოგია, როგორც სამედიცინო, ასევე ტექნიკურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. საბოლოოდ, მათ ძველი და ახალი ტექნოლოგიების შერწყმის გზით ხელოვნური პლაცენტა დაამზადეს. მეცნიერებმა ამისთვის ოქსიგენატორის სახელით ცნობილი მოწყობილობა გამოიყენეს, რომელიც ენდოტრაქეალური მილის მეშვეობით პაციენტის სისხლს ტუმბავს, ჟანგბადით ავსებს და ისევ უკან აბრუნებს, ნახშირორჟანგს კი გამოდევნის.

ნახეთ: მეცნიერებმა პრჟევალსკის ცხენის კლონი შექმნეს

მედიკოსებმა ის უკვე წარმატებით გამოიყენეს 118 დღის ბატკნებში, რომელთა ფილტვებიც ადამიანის 24 კვირის ნაყოფის ფილტვების მსგავსია. შედეგად, მათ 3 კვირა იცოცხლეს. ამ დროის განმავლობაში ცხოველის ორგანიზმმა ისევე შეძლო განვითარება, როგორც საშვილოსნოში. მეცნიერთა განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ხელოვნური პლაცენტის მიერ გამოცდისას ნაჩვენები შედეგები დამაიმედებელია, თუმცა კიდევ მრავალი ექსპერიმენტის ჩატარებაა საჭირო, სანამ მას ბავშვებზე გამოცდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები