Thumbnail

მეცნიერებმა ბაყაყის კანის უჯრედებისგან ცოცხალი რობოტები შექმნეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ტაფტსის, ვერმონტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა ნიუ ჯერსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად ბაყაყის კანის უჯრედებისგან მიკროსკოპული ცოცხალი რობოტები შექმნეს. მათ მეხსიერება აქვთ, სისწრაფით გამოირჩევიან, საკუთარი თავის განკურნება შეუძლიათ და კოლექტიური ქცევა ახასიათებთ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Science Robotics გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მეცნიერებმა ხელოვნური კუნთი შექმნეს, რომელიც ვარჯიშის შედეგად იზრდება

ქსენობოტების სახელით ცნობილი ორგანიზმები, რომელთა ზომაც ნახევარ მილიმეტრს არ აღემატება, მეცნიერებმა აფრიკული ბრჭყალებიანი ბაყაყის ემბრიონის ღეროვანი უჯრედებისგან შექმნეს. მინიმალური ფიზიკური მანიპულაციის შემდეგ, ამფიბიის სხეულიდან გამოცალკევებულმა ნიმუშებმა სფერული ფორმა მიიღეს, გაერთიანდნენ და გაიზარდნენ. სამ დღეში კი მათ სხეულზე არსებული წანაზარდების მეშვეობით ცურვა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ კიდურების სახით გამოყენებულ ამ წანაზარდებს სულ სხვა დანიშნულება აქვთ - ისინი პათოგენებს იგერიებენ.

ქსენობოტები. ფოტო: Douglas Blackiston

"ბაყაყის ემბრიონში უჯრედები თავკომბალის წარმოსაქმნელად ერთიანდებიან. თუმცა, ამ შემთხვევაში მათ გენეტიკურად კოდირებული ფუნქციები შეცვალეს, მაგალითად, წანაზარდები გადასაადგილებლად გამოიყენეს. საოცარია, რომ აღნიშნულ უჯრედებს სრულიად ახალ ორგანიზმად ფორმირება და მასთან დაკავშირებული ქცევების შეთავსება ხანგრძლივი ევოლუციური გადარჩევის გარეშე, სპონტანურად შეუძლიათ", - განაცხადა ნაშრომის თანაავტორმა, ბიოლოგმა მაიკლ ლევინმა.

მეცნიერებმა შექმნეს ხელოვნური კანი, რომელიც ტკივილს გრძნობს

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ქსენობოტები ტრადიციული რობოტებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ ისინი არა ხელოვნური მასალისგან, არამედ ბიოლოგიური ქსოვილისგან იქმნებიან. მკვლევართა აზრით, მათი შესწავლა, შესაძლოა, რთული ორგანიზმების ჩამოყალიბების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმაროს.

კომენტარები

ბოლო ამბები