Thumbnail

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში საცხოვრებლად ყველაზე უსაფრთხო ადგილები გამოავლინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიის რეგიონში მდებარე ინსუბრიის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომებმა კოლეგებთან ერთად ირმის ნახტომის გალაქტიკაში საცხოვრებლად ყველაზე უსაფრთხო ადგილები გამოავლინეს. მეცნიერთა ნაშრომი, რომელშიც ჩვენს გალაქტიკაში მდებარე სიცოცხლისთვის თავსებად რეგიონებზეა საუბარი, გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა.

► ჩვენს გალაქტიკაში ბევრი გონიერი ცივილიზაცია, შესაძლოა, უკვე გამქრალი იყოს

ასტრონომებმა კვლევის დროს ირმის ნახტომის გალაქტიკაში ვარსკვლავების წარმოქმნისა და მათი ევოლუციის ამსახველი კომპიუტერული მოდელები შექმნეს. მათი გამოყენებით მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომელ რეგიონებში ხდებოდა ამა თუ იმ დროს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ისეთი მოვლენები, როგორიც ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება, ასევე, სივრცეში გამა გამოსხივების, მაღალენერგიული ნაწილაკებისა და რადიაციის გავრცელებაა. აღსანიშნავია, რომ მსგავს პირობებში განადგურების საშიშროება არა მხოლოდ პლანეტაზე მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებს, არამედ მის ატმოსფეროსაც ემუქრება. აქედან გამომდინარე, მკვლევრები ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ სიცოცხლისთვის თავსებადი გარემოს არსებობას ციურ სხეულებზე, რომლებიც ისეთ მზის სისტემების მიმდებარედ მოძრაობენ, სადაც მსგავსი მოვლენები ხშირია.

ირმის ნახტომის გალაქტიკის დეტალური რუკა. ფოტო: ESA

სპეციალისტების განცხადებით, ამ დროისთვის დედამიწა ერთ-ერთ უსაფრთხო რეგიონში მდებარეობს. თუმცა, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ჩვენს პლანეტაზე ორდოვიციულ პერიოდში, დაახლოებით 450 მილიონი წლის წინ მასობრივი გადაშენების მიზეზი კოსმოსიდან მომავალი გამა გამოსხივება ყოფილიყო. მეცნიერების ვარაუდით, უახლოეს მომავალში დედამიწას მსგავსი საშიშროება არ დაემუქრება. კვლევის მიხედვით, ირმის ნახტომის გალაქტიკის განვითარების ადრეულ ეტაპზე საცხოვრებლად უსაფრთხო მისი განაპირა რეგიონები იქნებოდა. დღესდღეობით, სიცოცხლისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები გალაქტიკის ცენტრიდან 6,500-დან 26,000 სინათლის წლის მანძილზე განლაგებულ რეგიონებშია შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ცენტრთან ამაზე უფრო ახლო მონაკვეთში ზეახალი ვარსკვლავების აფეთქება და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სხვა კოსმოსური მოვლენები ჯერ კიდევ ხშირია. რაც შეეხება გალაქტიკის განაპირა რეგიონებს, იქ მყარი ზედაპირის მქონე პლანეტები თითქმის აღარ არსებობენ და უფრო ინტენსიური გამა გამოსხივება შეინიშნება.

► ჩვენს გალაქტიკაში, შესაძლოა, 30-ზე მეტი განვითარებული ცივილიზაცია არსებობდეს

მეცნიერთა განცხადებით, მსგავსი კვლევები მომავალში, შესაძლოა, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების მქონე ეგზოპლანეტების ძიებისას სწორი არეალის შერჩევაში დაგვეხმაროს. ამასთან ერთად, სპეციალისტები სწუხან, რომ ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგია მხოლოდ ახლომდებარე რეგიონების შესწავლის საშუალებას იძლევა.

კომენტარები

ბოლო ამბები