Thumbnail

დღის ფოტო: ქვა მარსიდან Perseverance-ის ლაზერის კვალით

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) წითელ პლანეტაზე გაგზავნილი მარსმავლის Perseverance მიერ გადაღებული ახალი სურათი გამოაქვეყნა. ფოტოზე ქვაა აღბეჭდილი, რომელსაც აპარატზე დამონტაჟებული ლაზერის მიერ დატოვებული კვალი ეტყობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოსახულებაზე ნაჩვენები ობიექტის სიგრძე დაახლოებით 15 სანტიმეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ როვერმა მის ანძაზე დამაგრებული SuperCam-ის სახელით ცნობილი ხელსაწყო, რომელიც კამერას, სპექტრომეტრსა და ლაზერს აერთიანებს, მარტის დასაწყისიდან აამოქმედა. ცოტა ხნის შემდეგ კი ლაზერით, რომლისგან წამოსული სხივებიც 7 მეტრით დაშორებულ ობიექტამდე აღწევენ, Máaz-ის სახელით ცნობილი ქვა დაშალა, რათა მეცნიერებს მისი შემადგენლობის შესწავლა შეძლებოდათ. NASA-მ Perseverance წითელ პლანეტაზე იქ მდებარე ჯეზეროს კრატერის გამოსაკვლევად და აღნიშნულ ტერიტორიაზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად გაუშვა. გეგმის მიხედვით აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მარსმავლის მიერ შეგროვებულ ნიმუშებს დედამიწაზე 2031 წელს ჩამოიტანს.

ქვა მარსიდან PERSEVERANCE-ის ლაზერის კვალით

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები