Thumbnail

ასტრონომებმა შორეულ კოსმოსში გიგანტური რადიოგალაქტიკები აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარე კეიპტაუნის უნივერსიტეტსა და დიდ ბრიტანეთში განლაგებულ ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, თავის ფრანგ, იტალიელ, ავსტრალიელ, გერმანელ და პორტუგალიელ კოლეგებთან ერთად, შორეულ კოსმოსში უიშვიათესი გიგანტური რადიოგალაქტიკები აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამეფო ასტრონომიული საზოგადოების გამოცემაში ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში საცხოვრებლად ყველაზე უსაფრთხო ადგილები გამოავლინეს

რადიოგალაქტიკებისთვის მძლავრი გამოსხივებაა დამახასიათებელი, რომელიც გამორჩეულად კაშკაშა სპექტრის მქონე რადიოტალღების სახით გვხვდება. ის მათ ცენტრში არსებული ზემასიური შავი ხვრელების მაგნიტური ველისა და დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება. მეცნიერებისთვის მილიონობით მსგავსი ობიექტია ცნობილი, თუმცა უზარმაზარი ზომა, 700 კილოპარსეკზე მეტი სიგრძე, დაახლოებით 800 მათგანს აქვს. ისინი იშვიათ ჯგუფს მიეკუთვნებიან და თანამედროვე ხელსაწყოებისთვის ძნელად შესამჩნევი არიან. სწორედ ასეთი ორი გალაქტიკა დააფიქსირეს მკვლევრებმა დედამიწიდან რამდენიმე მილიარდი სინათლის წლის მოშორებით, რაშიც მათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კარუს რეგიონში განთავსებული ტელესკოპი MeerKAT დაეხმარა.

ასტრონომების მიერ აღმოჩენილი რადიოგალაქტიკებიდან მომავალი მძლავრი გამოსხივება წითლადაა ნაჩვენები. ფოტო: Oxford/Rhodes/SARAO

რადიოგალაქტიკები ასტრონომებმა 64 ანტენისგან შემდგარი რადიოტელესკოპის მიერ მოპოვებული მონაცემების მიხედვით შედგენილ ახალ რუკაზე შენიშნეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევის ფარგლებში შეიქმნა. ნაშრომის ავტორთა განცხადებით, თითოეული მათგანი 2 მეგაპარსეკზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული, რაც 6,5 მილიონი სინათლის წლის ექვივალენტურია, ეს კი ირმის ნახტომის გალაქტიკის ზომას 62-ჯერ აღემატება. ამ ობიექტების ცენტრში აქტიური ზემასიური შავი ხვრელია განლაგებული, რომელიც გარშემო მოძრავი ვარსკვლავთაშორისი აირების შთანთქვისას კოსმოსში ძლიერ ენერგიას ათავისუფლებს. მისგან მომავალი გამოსხივება კი იმდენად შორს ვრცელდება, რომ თავად გალაქტიკის ზომასაც აჭარბებს.

ნახეთ: ახალაღმოჩენილ რადიოსიგნალს მედუზის ფორმის კოსმოსური ობიექტი აგზავნის

მეცნიერებმა გიგანტური რადიოგალაქტიკები ცის საკმაოდ მჭიდრო რეგიონში აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, შესაძლოა, სამყაროში იმაზე დიდი რაოდენობით არსებობდნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ახალი მიგნება ამგვარი ობიექტების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის და მათ უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები