Thumbnail

კომპანიამ Xiaomi Mi 11 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Xiaomi Mi 11 სერიის ახალი სმარტფონები Mi 11 Ultra, Mi 11 Lite და Mi 11 Pro წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ორი მოდელის რეალიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრილის ბოლოდან დაიწყება. რაც შეეხება Mi 11 Pro-ს, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ის მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის არის გათვლილი.

► ნახეთ: Samsung-მა A სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა

Mi 11 Ultra-ს 6,81-დუიმიანი AMOLED ეკრანი აქვს და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. ის ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს და კომპანია Qualcomm-ის უმძლავრესი პროცესორით Snapdragon 888 არის აღჭურვილი. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 8GB ან 12GB, შიდა მეხსიერება 256GB ან 512GB, ელემენტის ტევადობა კი 5000 mAh-ია. მის უკანა კორპუსზე 50-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 48-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 48-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერებია განლაგებული. მობილური მოწყობილობის წინა კამერით 20-მეგაპიქსელიან სურათების გადაღებაა შესაძლებელი. მოდელის სისქე 8,4 მილიმეტრია, წონა კი 234 გრამი.

კომპანია Xiaomi-ს ახალი სმარტფონი Mi 11 Ultra. ფოტო: Xiaomi

Mi 11 Lite-ის AMOLED ეკრანის ზომა 6,55 დუიმია. ის ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს და კომპანია Qualcomm-ის პროცესორით Snapdragon 732G არის აღჭურვილი. მობილური მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერება 6GB ან 8GB, შიდა მეხსიერება კი 64GB ან 128GB-ია. რაც შეეხება ელემენტის ტევადობას, ის 4250 mAh-ს შეადგენს. სმარტფონს 64-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 5-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერები აქვს. მისი წინა კამერა 16-მეგაპიქსელიან სურათებს იღებს. Mi 11 Lite-ის სისქე 6,8 მილიმეტრია, წონა კი 157 გრამი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები 5G მხარდაჭერის მქონე მოდელის შეძენასაც შეძლებენ.

ახალი სმარტფონი Mi 11 Lite. ფოტო: Xiaomi 

Mi 11 Pro-ს 6,81-დუიმიანი AMOLED ეკრანი აქვს. ის ოპერაციულ სისტემაზე Android 11 მუშაობს, პროცესორით Snapdragon 888 არის აღჭურვილი და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 8GB ან 12GB, შიდა მეხსიერება 128GB ან 256GB, ელემენტის ტევადობა კი 5000 mAh-ია. მის უკანა კორპუსზე 50-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი და 8-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერებია განლაგებული. მობილური მოწყობილობის წინა კამერით 20-მეგაპიქსელიანი ფოტოსურათების გადაღებაა შესაძლებელი. აღნიშნული მოდელის სისქე 8,5 მილიმეტრია, წონა კი 208 გრამი.

ახალი სმარტფონი Mi 11 Pro. ფოტო: Xiaomi

Mi 11 Ultra და Mi 11 Pro ჩინეთის მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია. საბაზისო მოდელების ფასი, შესაბამისად, 915 და 760 აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება Mi 11 Lite-ს, ის ბაზარზე 16 აპრილიდან გამოჩნდება და დაახლოებით 350 აშშ დოლარად გაიყიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები