Thumbnail

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა იუპიტერზე უჩვეულო პოლარული ნათება დააფიქსირა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულმა კოსმოსურმა ხომალდმა "ჯუნო" ჩვენი მზის სისტემის უდიდეს პლანეტაზე უჩვეულო პოლარული ნათება დააფიქსირა. ამის შესახებ აშშ-ში მდებარე სხვადასხვა კვლევით დაწესებულებაში მომუშავე მეცნიერები ბელგიელ კოლეგებთან ერთად გამოცემაში Journal of Geophysical Research ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში იუწყებიან.

NASA-ს ხომალდმა იუპიტერის მთვარიდან მომავალი FM რადიოსიგნალი დააფიქსირა

ახალი სახის ციალი ასტრონომებმა ხელოვნურ თანამგზავრზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ხელსაწყოს, ულტრაიისფერი სპექტროგრაფის მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზისას აღმოაჩინეს. ის აირის გიგანტად წოდებული ციური სხეულის პოლუსების თავზე წარმოიქმნება, მკრთალი ნათება ახასიათებს, წრიული ფორმისაა და დროთა განმავლობაში წამში 3,3-დან 7,7 კილომეტრამდე სიჩქარით ფართოვდება. მკვლევართა აზრით, მის ფორმირებას იუპიტერის უზარმაზარი მაგნიტოსფეროს კიდიდან მომავალი დამუხტული ნაწილაკები უწყობენ ხელს.

ახალაღმოჩენილი პოლარული ციალი. ფოტო: NASA

დედამიწასთან შედარებით, იუპიტერს დაახლოებით 20 ათასჯერ ძლიერი მაგნიტოსფერო აქვს. ის პლანეტისგან რამდენიმე მილიონი კილომეტრის მოშორებით ვრცელდება და მზის ქართან, ანუ ვარსკვლავიდან მომავალ დამუხტულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებს. მეცნიერთა ჰიპოთეზის თანახმად, სწორედ ამ პროცესში ისინი ციური სხეულის მაგნიტური ველის გასწვრივ იწყებენ მოძრაობას, შედეგად კი ობიექტის თავზე პოლარული ნათება ჩნდება. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ეს ხელახალი მაგნიტური დაკავშირების სახელით ცნობილი ფიზიკური მოვლენის დროს ხდებოდეს.

ნახეთ: ელვის მსგავსი ფენომენი იუპიტერის ატმოსფეროში

იმის მიუხედავად, რომ იუპიტერს მეცნიერები უკვე მრავალი წელია აკვირდებიან, ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, რა როლს ასრულებს მზის ქარი იქ პოლარული ციალის ფორმირებაში. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ახალი მიგნება მათ ამ საკითხზე მეტის გაგებაში დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები