Thumbnail

NASA-ს ლენდერმა მარსზე ორი ძლიერი მიწისძვრა დააფიქსირა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ლენდერმა InSight, რომელიც მარსზე 2018 წელს გაგზავნეს, წითელ პლანეტაზე ორი ძლიერი მიწისძვრა დააფიქსირა. ამაში აპარატს საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოს (CNES) მიერ დამზადებული სეისმომეტრი, სახელწოდებით SEIS დაეხმარა.

► ნახეთ: Perseverance-მა მარსზე მტვრის ქარბორბალა დააფიქსირა

NASA-ს ლენდერმა 3.3 და 3.1 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრები წითელ პლანეტაზე მდებარე ცერბერის ღარის სახელით ცნობილ რეგიონში, შესაბამისად, 7 და 18 მარტს დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მისიის საწყის ეტაპზე InSight-მა ამავე ტერიტორიაზე 3.6 და 3.5 მაგნიტუდი სიმძლავრის ბიძგებიც ჩაიწერა, საერთო ჯამში კი აპარატზე მიერთებულმა სეისმომეტრმა წითელ პლანეტაზე 500-ზე მეტი მიწისძვრის აღრიცხვა შეძლო. სპეციალისტების განცხადებით, მართალია, მარსი დედამიწის მსგავსად ტექტონიკური ფილებისგან არ შედგება, თუმცა ციურ სხეულზე ბიძგები, შესაძლოა, ვულკანურ აქტივობასთან იყოს დაკავშირებული. მათი თქმით, ასეთ მოვლენებზე დაკვირვება წითელი პლანეტის მანტიისა და ბირთვის შესწავლის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

საფრანგეთის კოსმოსური სააგენტოს (CNES) მიერ დამზადებული სეისმომეტრი SEIS. ფოტო: NASA

InSight-მა ბიძგების დიდი ნაწილის ჩაწერა წელიწადის ერთსა და იმავე მონაკვეთში შეძლო, როდესაც მარსზე შედარებით სუსტი ქარი ქროდა და უფრო მაღალი ტემპერატურა შეინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ ძლიერი ქარის დროს წარმოქმნილი ვიბრაცია სეისმომეტრამდე მიმავალ ბგერებს ფარავს, რის გამოც მიწისძვრების დაფიქსირება რთულდება. ამის გარდა, წითელ პლანეტაზე დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურა -100 °C-დან 0 °C-მდე იცვლება, რაც ხელსაწყოსთან დაკავშირებული კაბელების გაფართოებასა და შეკუმშვას იწვევს. ასეთ დროს SEIS-ის მიერ შეგროვებულ მონაცემებში ხარვეზები შეინიშნება. NASA მომდევნო წლის დეკემბერში აღნიშნული პრობლემის მოგვარებასა და ლენდერის მკლავის დამხარებით კაბელების მარსის ნიადაგში ჩამარხვას გეგმავს, რათა მოწყობილობამ არახელსაყრელი პირობების მიუხედავად გამართულად ფუნქციონირება შეძლოს.

► ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენის პირველი ფრენა მარსზე 8 აპრილს შედგება

NASA-მ InSight წითელ პლანეტაზე რაკეტით Atlas V-401 კალიფორნიის ქალაქ ლომპოკში განლაგებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ბაზიდან 2018 წლის 5 მაისს გაუშვა. მისიის მიზანი მარსზე მიმდინარე სეისმურ მოვლენებზე დაკვირვებაა. აღსანიშნავია, რომ ლენდერი ძირითადად ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური სააგენტოების მიერ დამზადებული სამეცნიერო ხელსაწყოებითაა აღჭურვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები