Thumbnail

ნახეთ: ეგვიპტეში ფარაონების აღლუმი გაიმართა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ქუჩებში ფარაონებისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 22 მონარქის მუმიის საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ქვეყნის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს ინიციატივით, 18 მეფისა და 4 დედოფლის ნეშტი ძველი ადგილსამყოფელიდან 5 კილომეტრის მოშორებით მდებარე ახალ დაწესებულებაში, ეგვიპტური ცივილიზაციის სახელმწიფო მუზეუმში გადაასვენეს.

ნახეთ: მეცნიერებმა ტუტანხამონის მამის, ეხნატონის სახე აღადგინეს

მასშტაბური სანახაობა ეგვიპტის ხელისუფლებას რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. მასში მონაწილეობა სპეციალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა ადამიანებმა მიიღეს, რომლებიც ცხენშებმულ საბრძოლო ეტლებთან ერთად სათანადოდ გაფორმებულ ოქროსფერ მანქანებში ჩასვენებულ ფარაონებს ესკორტის სახით მიჰყვებოდნენ. აღლუმის დაწყება ქვემეხის გასროლით აღინიშნა. შთამბეჭდავი ცერემონია მუსიკისა და ლაზერული შოუს ფონზე მიმდინარეობდა.

 

დაახლოებით ერთსაათიანი ღონისძიების განმავლობაში 1881-1898 წლებში მეფეთა ხეობაში აღმოჩენილი მუმიები კაიროს ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეგვიპტური მუზეუმიდან მდინარე ნილოსის გასწვრივ არსებული გზით ქალაქის სამხრეთ ნაწილში გადაასვენეს. პროცესია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გაიმართა. ის მე-17 დინასტიის ფარაონით, სეკენენრა ტაათი დაიწყო და რამზეს IX-ით დასრულდა, რომელიც ქვეყანას ძველი წელთაღრიცხვით 1129-1111 წლებში მართავდა. მსვლელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვალსაჩინოება, დედოფალ ჰატშეფსუტთან ერთად, რამზეს II-ის მუმია იყო, რომელმაც ეგვიპტის ახალი სამეფოს სათავეში 67 წელი გაატარა.

ნახეთ: ეგვიპტეში 2500 წლის წინანდელი სარკოფაგი გახსნეს

ინიციატივა ეგვიპტეში ტურისტების მოზიდვას ემსახურება, რადგან ბოლო წლებში ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მუზეუმში მუმიების ნახვა ფართო საზოგადოებისთვის 17 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები