Thumbnail

ისტორიაში პირველად ანტიმატერია თითქმის აბსოლუტურ ნულ ტემპერატურაზე გაყინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე სუონსისა და მანჩესტერის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა ამერიკელ, კანადელ, დანიელ, ბრაზილიელ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად ლაზერის გამოყენებით ანტიმატერია თითქმის აბსოლუტურ ნულ ტემპერატურაზე გაყინეს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. ამის შესახებ მათი ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

ნახეთ: ისტორიაში პირველად მეცნიერებმა დროის კრისტალი ვიდეოზე აღბეჭდეს

თანამედროვე ფიზიკაში ანტიმატერია ხილული მატერიის საწინააღმდეგო ეთერულ ფორმად მიიჩნევა. მისი არსებობის შესახებ მოსაზრება პირველად 1928 წელს ინგლისელმა მეცნიერმა, პოლ დირაკმა გააჟღერა, რაც 4 წლის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა. აღნიშნული სუბსტანცია ჩვეულებრივის იდენტურია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ მის შემადგენელ ანტინაწილაკებს განსხვავებული მახასიათებლები გამოარჩევთ. მაგალითად, თუ ელექტრონებს უარყოფითი მუხტი აქვთ, მათი საპირისპირო პოზიტრონები პირიქით, დადებითად არიან დამუხტული. მნიშვნელოვანია, რომ ისინი თანხვედრისას ერთმანეთს ანადგურებენ, რა დროსაც თითოეულის მასა ენერგიად გარდაიქმნება, ამიტომ ცალკე ანტიმატერიაზე დაკვირვება მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

დანადგარი, რომლითაც მეცნიერებმა ანტიმატერია გაყინეს. ფოტო: Maximilien Brice

ამ დაბრკოლების გადასალახად, სპეციალისტებმა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) კუთვნილი, ALPHA-ს სახელით ცნობილი დანადგარის მეშვეობით ანტიმატერიის გაყინვა გადაწყვიტეს. მათ თავდაპირველად მატერიალური ნაწილაკები თითქმის სინათლის სიჩქარით აამოძრავეს და ერთმანეთს შეაჯახეს. შედეგად, მეცნიერებმა ანტინაწილაკები მიიღეს, რომელთა სისწრაფეც მძლავრი მაგნიტური და ელექტრული ველების დახმარებით შეანელეს. თავმოყრილი პოზიტრონები და ანტიპროტონები გაერთიანების გზით ანტიწყალბადად გარდაიქმნენ, რომლისკენაც ნაშრომის ავტორებმა ლაზერის სხივები მიმართეს.

ზემოხსენებული ნაწილაკები გადაადგილებისას სითბოს წარმოქმნიან, რომლის გასაუვნებლადაც მეცნიერებმა ფოტონები მათი საწინააღმდეგო მიმართულებით გაუშვეს. ამ უკანასკნელს საკუთარი იმპულსი აქვს, შესაბამისად, მისი შთანთქმისას ანტიწყალბადის მოძრაობა ნელდება და ტემპერატურაც იკლებს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სინათლის ტალღებს კონკრეტული სიგრძე გააჩნიათ, რაც სპეციალისტებმა ექსპერიმენტის დროს გაითვალისწინეს. შედეგად, მათ ანტიმატერია აბსოლუტურ ნულზე 0.083 ერთეულით მეტ ტემპერატურაზე, ანუ -273.067 °C-ზე გაყინეს. შეგახსენებთ, რომ აბსოლუტური ნული -273.15 °C-ს უდრის.

"ხელოვნური მზის" სახელით ცნობილმა ბირთვულმა რეაქტორმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ახალი მიგნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის მკვლევრებს ანტიმატერიის შესწავლის საშუალებას მისცემს. კერძოდ, ისინი შეძლებენ, გაიგონ, რამდენად მოქმედებს მასზე მიზიდულობის ძალა, როგორი მახასიათებლები აქვს, ემორჩილება თუ არა კვანტური ფიზიკის კანონებს და სხვა.

კომენტარები

ბოლო ამბები