Thumbnail

კომპანია LG სმარტფონების ბაზარს ტოვებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური კორპორაცია LG სმარტფონების ბაზარს მიმდინარე წლის 31 ივლისიდან დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ამის მიზეზი ისაა, რომ LG მობილური ტელეფონების სხვა მწარმოებლებს სათანადო კონკურენციას ვეღარ უწევს, რის გამოც ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი იზარალა.

► კომპანიამ Xiaomi Mi 11 სერიის ახალი სმარტფონები წარადგინა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ამიერიდან მთლიანად ელექტრომობილების ნაწილების, სახლის ჭკვიანი მოწყობილობების, რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის წარმოებაზე გადაერთვება. LG-ის წარმომადგენლების განცხადებით, სმარტფონების ბაზრის დატოვების მიუხედავად, უკვე გამოშვებული მოდელები, შესაძლოა, ტექნიკის მაღაზიებში მაინც გაიყიდოს. მათივე თქმით, კომპანია გარკვეული დროის განმავლობაში საკუთარი მომხმარებლების მობილური ტელეფონების პროგრამულ განახლებასაც უზრუნველყოფს. რაც შეეხება LG-ის სმარტფონების წარმოებაში დასაქმებულ ადამიანებს, კორპორაციას სამსახურიდან მათ შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

LG მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასახვევი სმარტფონის LG Rollable გამოშვებას გეგმავდა. 

ინფორმაცია, რომ LG მიმდინარე წელს მობილური ტელეფონების ბაზრის დატოვებას გეგმავდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. როგორც ცნობილია, მარტში სამხრეთკორეულმა კომპანიამ სმარტფონების ბიზნესის გაყიდვა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ბოლო წლების განმავლობაში, LG-მ სმარტფონების ინდუსტრიაში მოღვაწე სხვა მსხვილი მწარმოებლებისთვის კონკურენციის გასაწევად არაერთი ინოვაციური მოდელი გამოუშვა. მაგალითისთვის, 2019 წელს ტექნიკის მაღაზიებში დასაკეცი G8X გამოჩნდა, 2020 წელს კი გაყიდვაში LG Wing ჩაეშვა. ამ უკანასკნელს ორი ეკრანი აქვს, რომელთა ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ კომპანია მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასახვევი სმარტფონის LG Rollable გამოშვებასაც გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ინოვაციური მობილური მოწყობილობის ბაზარზე გამოჩენას აღარ უნდა ველოდოთ.

► iPhone 12 სერიის სმარტფონებმა, შესაძლოა, სამედიცინო აპარატების მუშაობა შეაფერხონ

ამ დროისთვის სმარტფონების ინდუსტრიაში წამყვან კომპანიებად Samsung, Apple, Huawei, Xiaomi და Vivo მიიჩნევიან. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მობილური ტელეფონების ყველაზე მსხვილ მწარმოებლებს შორის LG მე-3 ადგილს იკავებდა, თუმცა დროთა განმავლობაში მან კონკურენციას ვეღარ გაუძლო და პოზიციები დათმო. სამხრეთკორეული კორპორაციის მსგავსად, სმარტფონების ბაზრის დატოვება ისეთ კომპანიებს მოუწიათ, როგორებიც არიან Nokia, HTC და Blackberry. ამჟამად, მათი ბრენდის ქვეშ მობილურ ტელეფონებს სხვა მწარმოებლები უშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები