Thumbnail

ნახეთ: მარსზე გაშვებულმა ვერტმფრენმა პირველი ფერადი ფოტო გადაიღო

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსმავალ Perseverance-სთან ერთად წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ვერტმფრენმა ციურ სხეულზე პირველი ფერადი ფოტო გადაიღო. ახლახან გამოქვეყნებულ სურათზე მარსის გრუნტი და როვერის ორი ბორბალია აღბეჭდილი.

ნახეთ: NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე ახალი სელფი გადაიღო

სააგენტოს მიერ გავრცელებული კადრი, რომელიც ჯეზეროს კრატერში მიმოფანტულ ქვებს გვიჩვენებს, Ingenuity-ის სახელწოდებით ცნობილ 1,8 კილოგრამი წონის მქონე ვერტმფრენზე დამონტაჟებულმა კამერამ მიმდინარე წლის 3 აპრილს დააფიქსირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 85 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მცირე ზომის საფრენი აპარატი Perseverance-მა 10 სანტიმეტრით დაბლა, წითელი პლანეტის ზედაპირზე დაუშვა. აღნიშნული მანევრის შესრულებიდან მალევე როვერი მას რამდენიმე მეტრით ჩამოშორდა, რათა მზის ენერგიაზე მომუშავე ვერტმფრენამდე სინათლის სხივებს მიეღწია. შედეგად, მან ელემენტების დატენვა შეძლო და მარსისთვის დამახასიათებელ ღამის სიცივეს გაუძლო.

Ingenuity-ის მიერ გადაღებული სურათი. ფოტო: NASA

როგორც ცნობილია, მომდევნო დღეებში მარსმავალი Ingenuity-ის უფრო დიდი მანძილით ჩამოშორდება და ისეთ ადგილზე განთავსდება, საიდანაც მისი ფრენის დაფიქსირებას შეძლებს. აპარატი ჰაერში პირველად 11 აპრილს ავა და იქ 30 წამს გაატარებს, რის შემდეგაც ისევ ხმელეთზე დაეშვება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენი მარსზე 31 დღის განმავლობაში საერთო ჯამში ხუთ ფრენას განახორციელებს, რა დროსაც წითელი პლანეტის ზედაპირიდან 5 მეტრის სიმაღლეზე ასვლას შეეცდება. ის დაახლოებით 90 მეტრის არეალში იმოძრავებს, მასზე დამონტაჟებული კამერა კი ციურ სხეულს სურათებსა და ვიდეოებს გადაუღებს.

ნახეთ: Perseverance-მა მარსზე მტვრის ქარბორბალა დააფიქსირა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Ingenuity მარსმავალ Perseverance-სთან ერთად წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. NASA მისიის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები