Thumbnail

ადამიანები 2 მილიონი წლის განმავლობაში უმაღლესი მტაცებლები იყვნენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ისრაელში მდებარე თელ ავივის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები პორტუგალიელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მასშტაბური კვლევის საფუძველზე აცხადებენ, რომ უძველესი ადამიანები დაახლოებით 2 მილიონი წლის განმავლობაში უმაღლესი მტაცებლები იყვნენ და დიდი ზომის ცხოველებზე ნადირობდნენ. ახალი ნაშრომი, რომლის თანახმადაც ქვის ხანაში მცხოვრები ჩვენი წინაპრები კვებითი ჯაჭვის სათავეში იმყოფებოდნენ, გამოცემაში American Journal of Physical Anthropology გამოქვეყნდა.

უძველესი ადამიანები, სავარაუდოდ, ზამთრის ძილს ეძლეოდნენ

უძველესი ადამიანების კვების რაციონის აღდგენის მიზნით მკვლევრებმა ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის, გენეტიკისა თუ მორფოლოგიის სპეციალისტების მიერ დაწერილი 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი შეისწავლეს. თითოეული ეძღვნებოდა საკითხს - იყვნენ თუ არა პრეისტორიულ ეპოქაში მცხოვრები ჰომინიდები ხორცისმჭამელები. კვლევამ აჩვენა, რომ განვითარების ხანგრძლივ პერიოდში ისინი ნანადირევით ირჩენდნენ თავს, სანამ მეგაფაუნის წარმომადგენლები არ გადაშენდებოდნენ, რის შემდეგაც მათ საკვებად უმეტესწილად მცენარეების გამოყენება დაიწყეს. აფრიკაში ეს დაახლოებით 85 ათასი, ევროპასა და აზიაში კი 40 ათასი წლის წინ მოხდა. სწორედ აღნიშნული მოვლენა დაედო საფუძვლად ჩვენ მიერ ცხოველთა მოშინაურებასა და ხილის, ბოსტნეულისა თუ მარცვლეულის მოყვანას.

ახალი კვლევის თანახმად, უძველესი ადამიანები დაახლოებით 2 მილიონი წლის განმავლობაში უმაღლესი მტაცებლები იყვნენ და დიდი ზომის ცხოველებზე ნადირობდნენ.

მეცნიერთა განცხადებით, ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს, მათ შორის თავად ჩვენი ორგანიზმიც, რომელიც ადამიანის ევოლუციის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის მაღალი მჟავიანობა, რომლის შენარჩუნებასაც დიდი ენერგია სჭირდება, რასაც ცხოველური პროდუქტებიდან ვიღებთ. საკვების გადამუშავებისთვის ხელის შეწყობის გარდა, ის მავნე ბაქტერიებისგანაც გვიცავს, რომელიც კუჭში, სავარაუდოდ, ხორციდან ხვდებოდა. ეს უკანასკნელი ნანადირევის უზარმაზარი ზომიდან გამომდინარე ხშირად ფუჭდებოდა. მეორე მაგალითი ცხიმოვანი უჯრედების სტრუქტურაა. ყველაფრისმჭამელი არსებებისგან განსხვავებით, ჩვენს ორგანიზმში ისინი ბევრად პატარაა და მრავლად გვხვდება.

ნახეთ: ინდონეზიაში გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუში აღმოაჩინეს

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა ჰიპოთეზას არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთებიც ამყარებს. კონკრეტულად, მცენარეთა დასამუშავებლად გამოყენებადი ქვის იარაღები, რომლებიც გვიან გაჩნდა. ამ პერიოდის ნიმუშები, ძველთან შედარებით, უნიკალურობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების საცხოვრებელთან ახლოს დიდი ზომის ცხოველების არაერთი ნამარხია მიკვლეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს წინაპრებს მათზე ნადირობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ნაშრომის ავტორთა თქმით, ახალმა მიგნებამ ჰომინიდების ევოლუციის შესახებ ჩვენი წარმოდგენები, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს.

კომენტარები

ბოლო ამბები